გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ჰქვია დაშლა, რაც, პრაქტიკულად, მელიამ მოგვილოცა
„ნაციონალური მოძრაობა“ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ჰქვია დაშლა, რაც, პრაქტიკულად, მელიამ მოგვილოცა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გამოეხმაურა.
„ხანგრძლივი პოლიტიკური ჭინთვების შემდეგ, როგორც იქნა, მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, თუმცა ამას წინ უძღოდა ათამდე მუნიციპალიტეტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. მელიას განცხადებაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე, როგორც წარსული, ისე მოიხსენია. ეს ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ვამბობდით, რომ ამ პოლიტიკური პარტიის ლოგიკური დასასრული იქნება ის, რომ გაქრება პოლიტიკური ველიდან. ნიკა მელია უკვე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიხსენიებს, როგორც წარსულს და ამ შემთხვევაში ის არ იქნება გამონაკლისი.
თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ ფორმალურ თავმჯდომარეს, ხაბეიშვილს ამერიკაში ვიზიტი დაუჯდა იმად, რომ, შესაძლოა, თვითმფრინავშივე აღარ იყოს თავმჯდომარე და რიგითი წევრი ჩამოვა აეროპორტში. ამერიკაში ერთი ვიზიტი, პრაქტიკულად, ათამდე მუნიციპალიტეტში ფრაქციის გაუქმება დაუჯდა და ამ ვიზიტს ხაბეიშვილი უწოდებს წარმატებულს. ერთი ან ორი ასეთი „წარმატებული“ ვიზიტი ამერიკაში და ალბათ ხაბეიშვილი მხოლოდ თავის მძღოლთან ერთად დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“. სხვა მეტი აღარავინ დახვდება.
ეს არის რეალური სახე „ნაციონალური მოძრაობის“. ხელისუფლებაში როცა იყვნენ, ასეთი დამოკიდებულებით მართავდნენ ქვეყანას და როცა ოპოზიციაში არიან, ზუსტად ასე უდგებიან საკუთარი პარტიის წევრების ინტერესებს, საზოგადოების ინტერესები საერთოდ აღარ აინტერესებთ. ამიტომ მივედით იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, რაც, პრაქტიკულად, მელიამ მოგვილოცა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და მიდის წინ, მომავლისკენ.