გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის შემდეგ ყოველ წელს გვიანონსებდა რიგგარეშე არჩევნებს, იმავეს გააკეთებს 27 ოქტომბრიდან, არჩევნებს ჩავატარებთ 2028 წელს, ოღონდ მათ გარეშე
ვერავითარი ე.წ. მესამე ძალა ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს, თუმცა ხუთ ნომერ ბრენდს აქვს ალბათობა, ბარიერი გადალახოს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ბუნებრივად ვერ მოხერხდება ე.წ. მესამე ძალის გამარჯვება.
„ადრე ცდილობდნენ მაინც, რაღაცნაირად შეეფუთათ ის ტყუილები, რასაც ამბობდნენ და რაც სურდათ, ქართული საზოგადოებისთვის შეესაღებინათ, ახლა აღარც ფუთავენ. ამბობენ, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვართ, მაგრამ გვინდა, შევქმნათ ე.წ. მესამე ძალა და შემდეგ კიდევ ცალკე შევიდეთ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად საქართველოს პარლამენტშიო. თავადაც აღიარებს გვარამია, რომ ვერაფრით გაემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს კარგია. რატომ ჰგონია ქართული საზოგადოება არასახელმწიფოებრივად, არასწორად მოაზროვნე, რატომ ჰგონია, საზოგადოება ვერ გაიგებს, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია ვერასოდეს იქნებიან „ნაცმოძრაობის“ გარეშე სხვა მესამე ძალა? ყველამ კარგად ვიცით, ვხედავთ და თვითონაც აღიარებენ, რომ „ნაცმოძრაობა“ სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, ცალკე შევიდეს მომავალ პარლამენტში, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ მორიგ ჯერზე უნდა გამოუტანოს პოლიტიკური განაჩენი და გამოუტანს კიდეც ოქტომბერში. ოქტომბრის შემდეგ იქნება მათი პოლიტიკურ სამსჯავროზე წარდგენა.
ვერავითარი ე.წ. მესამე ძალა ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს, თუმცა ხუთ ნომერ ბრენდს აქვს ალბათობა, ბარიერი გადალახოს. სხვა მესამე ძალა ბუნებრივად ვერ შეძლებს, რადგან ეს ხალხი ერთმანეთთან დგომასაც კი ვერ იტანს, ვერ ერთიანდებიან, საერთო არაფერი აქვთ, გარდა ერთისა, რომ პარლამენტში მოხვდნენ. ეს „ნაცმოძრაობას“ ისედაც უნდა. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ერთი ადამიანი რამდენ პარტიას მისცემს ხმას, ხუთ ნომერსაც ხომ არ შემოხაზავს და ცალკე გვარამიას, მელიას? 2020 წლის შემდეგ ყოველ წელს გვიანონსებდნენ რიგგარეშე არჩევნებს და ვეუბნებოდით, რომ არჩევნებს ჩავატარებდით 2024 წელს, ასეც მოხდა. ახლაც იმავეს გააკეთებენ 27 ოქტომბრიდან. ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ 2028 წელს, ოღონდ მათ გარეშე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.