გურამ მაჭარაშვილი - მშვიდობიანად ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას, არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე მეორის ძეგლსაც დავდგამთ და თავად გასცემს პასუხს ყველას, ვინც მის შეურაცხყოფას დააპირებს
მოთმინებით და მშვიდობიანად ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიასაც, არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე მეორის ძეგლსაც დავდგამთ და ერეკლე მეორე თავად გასცემს პასუხს ყველას, ვინც მის შეურაცხყოფას დააპირებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მიესალმება კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეფის ძეგლის დადგმას.
„Ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი პიროვნება, რომელმაც ქართულ საზოგადოებას იდენტობა შეუნარჩუნა. რაც შეეხება ოპოზიციის ნარატივებს, ბერძენიშვილის, ლაშა ბაქრაძის და ა.შ. ცოტა ფრთხილად იყვნენ, თორემ ერეკლე მეორე ცნობილია, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელების მხრიდან, როგორც ძალიან ძლიერი მხედართმთავარი. ისეთი ძლიერია, რომ ის ძეგლიც კი პასუხს გასცემს ზურაბიშვილსაც და ლაშა ბაქრაძესაც. ახლოს არ გაუარონ ერეკლე მეორის ძეგლს, რომელიც დაიდგმება, თორემ შეიძლება, ერეკლე მეორის მხრიდან ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია ლაშა ბაქრაძეს, ბერძენიშვილს და სხვებს. მისი და იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც აღიარებს, რომ ერეკლე მეფე იყო ნამდვილად ქართველი მეფე, რომელმაც შეუნარჩუნა საქართველოს იდენტობა. ყველა იყოს ფრთხილად და ნუ ცდიან ქართული საზოგადოების მოთმინებას. 26 ოქტომბრის შემდეგ, გასაგებია, რომ გასამართლდება „ნაცმოძრაობა“ და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულები. ჩვენ მოთმინებით და მშვიდობიანად ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიასაც, არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე მეორის ძეგლსაც დავდგამთ და ერეკლე მეორე თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის, შეიძლება, ძეგლის მეშვეობითაც, ვინც კი მის შეურაცხყოფას დააპირებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება.