გურამ მაჭარაშვილი - მოქალაქის ინფორმირებულობაში, რომელი არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება და როგორ იქცევა, ცუდი შეიძლება, დაინახოს მხოლოდ მან, ვისაც დასამალი აქვს
მოქალაქის ინფორმირებულობაში, რომელი არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება და როგორ იქცევა, ცუდი შეიძლება, დაინახოს მხოლოდ მან, ვისაც დასამალი აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ.
მაჭარაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება თუ დაინახავს, რომ ესა თუ ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე შედგა, რომელიც რადიკალურ პროცესებშია გადართული, საიდან ფინანსდება, მიხვდება, ვინ დგას ამ არასამთავრობო სექტორის უკან.
„სპეკულაციები რომ დავამთავროთ, თითქოს შშმ პირებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაფინანსება შეწყდება, რატომ კადრულობთ ამას და რატომ ამბობთ სიცრუეს? როგორ გგონიათ, ასეთი რამ რომ ეწეროს, თუ აღმოაჩინეთ, რომ რაღაც არაკონსტიტუციური იყო და იმიტომ ვერ გადმოვიტანეთ, აქ რომ მართლა ისეთი რამ ეწეროს, რომ ან შშმ პირები, ან ნებისმიერი საქმიანობა იზღუდებოდეს, თქვენ ამას სიტყვასიტყვით არ წაგვიკითხავდით? რა თქმა უნდა, წაგვიკითხავდით. ასეთ რამეს რომ ვერ პოულობთ, იცით, რა მოიფიქრეთ? მოდით, ამას დავარქვათ რუსული. ნახეთ, რა არის ნარატივი პირად საუბრებში: კი, შეიძლება, ახლა ეს კანონპროექტი არ არის პრობლემა, მაგრამ შემდეგ თქვენ ამას გაართულებთ. რას ნიშნავს? ამ პრინციპით ჩვენ მაშინ ვერცერთი კანონპროექტი ვერ უნდა მივიღოთ. ვერცერთ კანონპროექტს ვერ მიიღებ იმის შიშით, რომ მერე შეიძლება, შევიტანოთ იქ რაღაც არასწორი. ეს რა ლოგიკაა, საიდან მოდის ეს ლოგიკა?
როდესაც კანონპროექტზე საუბრობ და ამბობ, რომ აქ არის შეზღუდვა, როდესაც პირდაპირ წერია, რომ აქ აკრძალვა და შეზღუდვა არ არსებობს, რატომ უნდა იკადრო ასეთი რამ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო? კიდევ ერთხელ, ეს კანონპროექტი ყველას ძალიან კარგად აქვს წაკითხული. შეზღუდვა არც ამერიკულ კანონშია, უბრალოდ, სპექტრი არის ძალიან ფართო. იქ ეხება ყველას. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკული კანონი საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ამიტომ შევარბილეთ, რომ საქართველოსთვის არ იყოს მკაცრი. ამიტომ შემოვიტანეთ ის კანონპროექტი, სადაც ვერ ნახავთ ვერცერთ პუნქტს, რომელზეც იტყვით, რომ ანტიდემოკრატიულია.
ის დონორი ორგანიზაცია გაიხარებს, როდესაც ქართული საზოგადოება დაინახავს, რომ შშმ პირებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ვიღაც აფინანსებს და კეთილშობილური საქმით არის დაკავებული. 100-პროცენტიან გარანტიას გაძლევთ, რომ საზოგადოება როდესაც ამას დაინახავს, მადლობას ეტყვის. მეტსაც გეტყვით, ის დონორი ორგანიზაცია კი არ შეწყვეტს დაფინანსებას, არამედ, პირიქით, გააგრძელებს. მაგრამ ქართული საზოგადოება თუ დაინახავს, რომ ესა თუ ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე შედგა, რომელიც რადიკალურ პროცესებშია გადართული, საიდან ფინანსდება, მიხვდება, ვინ დგას ამ არასამთავრობო სექტორის უკან. ეს არის განსხვავება.
განსხვავება ის არის, რომ ინფორმირებული მოქალაქე ჩვენთვის არის იმის საშუალება, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთოს. დემოკრატიის ერთ-ერთი საწყისია, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. მოქალაქის ინფორმირებულობაში, რომელი არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება და როგორ იქცევა, ამაში ცუდი შეიძლება, დაინახოს მხოლოდ მან, ვისაც დასამალი აქვს. მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი დიდი რამ იქნებოდა დასამალი ამ დაფინანსებებში და ამ დაფინანსების ვინმეს ასე შეეშინებოდა, რომელზეც ისედაც ამბობთ, რომ გამჭვირვალეაო. უბრალოდ, საუბარი იმაზეა, რომ მოქალაქე ამას ვერ ხედავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.