გურამ მაჭარაშვილი - მონაცემთა ბაზიდან ქართული საზოგადოება გაიგებს, ვინ ძალადობს საქართველოზე და მის სუვერენიტეტზე, ვინ ემხრობა უცხოურ ძალას, რომელსაც სუვერენიტეტის შეზღუდვა სურს
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ყველა მოძალადე ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ძალადობრივ აქციებში, იმ ვებგვერდზე გამოჩნდება, რომლის შექმნის შესახებაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან დაანონსდა.
გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არის ჩართული.
„არაერთხელ ვთქვით, ძალადობა მიუღებელია ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მაინც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვნახეთ პირდაპირ ძალადობრივი აქციები – ქვების სროლა, ცეცხლის წაკიდება, კარის დანგრევა, შეურაცხყოფა, მათ შორის პოლიციელებზე თავდასხმა და ა.შ. რასაც საერთო არაფერი აქვს მშვიდობიან აქციასთან. ამავდროულად, ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფლად ატყუებენ ხალხს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ამტკიცებენ, რომ აქციები მშვიდობიანია. ამიტომ, ყველა ის მოძალადე ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ძალადობრივ აქციებში, გამოჩნდება იმ ვებგვერდზე, რაც ყველაზე მთავარია, თავისი მტკიცებულებების დართვით. შესაბამისად, ამ ვებგვერდიდან ქართული საზოგადოება გაიგებს, ვინ ძალადობს საქართველოზე და მის სუვერენიტეტზე, ვინ ემხრობა უცხოურ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა სურს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.