გურამ მაჭარაშვილი - მოგონილი მიზეზებით პარლამენტზე უარის თქმა ნიშნავს, რომ პოლიტიკურად სუსტი ხარ და გინდა, პოლიტიკურ ზედაპირზე იყო
გურამ მაჭარაშვილი - მოგონილი მიზეზებით პარლამენტზე უარის თქმა ნიშნავს, რომ პოლიტიკურად სუსტი ხარ და გინდა, პოლიტიკურ ზედაპირზე იყო

მამუკა ხაზარაძე პარლამენტს გაუგებარი მიზეზით ტოვებს და თუ ეს უწყება არალეგიტიმურია, მაშინ მისი გუნდის წევრებისთვის, რომლებიც რჩებიან, ლეგიტიმური როგორ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილმა აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვით, არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის სხდომების მუშაობაში, თუმცა ბოიკოტის მიუხედავად, ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მისი თქმით, „მოგონილი მიზეზებით პარლამენტზე უარის თქმა ნიშნავს, რომ პოლიტიკურად სუსტი ხარ და გინდა, პოლიტიკურ ზედაპირზე იყო“.

„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ასეთი არასერიოზული დამოკიდებულებები ყოველთვის აღმოაჩენს ისეთ სიტუაციაში, როცა არჩევნებში ან მარცხდებიან, ან როგორც წესი, მათ აქცია-პერფორმანსებს შედეგი არ აქვს. მამუკა ხაზარაძე პარლამენტს გაუგებარი მიზეზით ტოვებს და თუ ეს უწყება არის არალეგიტიმური, მაშინ მისი გუნდის წევრებისთვის ლეგიტიმური როგორ არის, რომლებიც რჩებიან? ეს ყველაფერი მით უფრო გაუგებარია, როცა პარლამენტში რჩები და ბოიკოტს აცხადებ. ოპოზიცია, რომელსაც პარლამენტში მუშაობა უნდა, ამისთვის ყველა პლატფორმაა. მოგონილი მიზეზებით პარლამენტზე უარის თქმა ნიშნავს, რომ პოლიტიკურად სუსტი ხარ და გინდა, პოლიტიკურ ზედაპირზე იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.