გურამ მაჭარაშვილი - მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა, სამარემდე მიმიყვანეო, ასეა სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ საქმე
გურამ მაჭარაშვილი - მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა, სამარემდე მიმიყვანეო, ასეა სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ საქმე

სტრასბურგის გადაწყვეტილება ასე თუ მოუხდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობას, რომ პოლიტიკაშიც დაბრუნდებოდა, ეთქვათ და სტრასბურგი აქამდე მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხავია, როგორ აპირებს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, როცა მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

„მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა, სამარემდე მიმიყვანეო, სწორედ ასეა სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ საქმე. „ნაცმოძრაობას“ თავისი გასაჭირი აქვს, ვერ გაუგია, ვინ ჰყავს თავმჯდომარე, რა მიმართულებით მიდის და ახლა დაემატება პოლიტიკურად გარდაცვლილი სააკაშვილი. ამას გარდა, უნდა ვთქვათ, რომ თავად სააკაშვილმა თქვა, ჩემი გული და სული უკრაინას ეკუთვნისო, დანარჩენი ორგანოები დამიზიანდაო, საინტერესოა, რით აპირებს ქართულ პოლიტიკაში მოსვლას. გარდა ამისა, ქართულად აღარ საუბრობს, უკრაინულად საუბრობს, საქართველოს მოქალაქე არ არის და უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, ესეც საკითხავია, რით აპირებს ქართულ პოლიტიკაში მოსვლას. აუცილებლად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ადამიანმა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეობაზე თქვა უარი უკრაინაში თანამდებობის გამო, აქ ჩამოვიდა და უარი თქვა საკუთარ ენაზე, მოქალაქეობაზე, ურთიერთობაზე და ყოველგვარი ქართული უარყო. თქვა, დედას გეფიცებით, ქართულ პოლიტიკაში აღარ მოვალ, ოღონდ აქედან გამიშვითო. მგონი, მოუხდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც წერტილი დაუსვა იმას, რომ ევროპის ჰაერს ის ვერ ჩაყლაპავდა, რათა გამოჯანმრთელებულიყო.

სტრასბურგის გადაწყვეტილება ასე თუ მოუხდებოდა მის ჯანმრთელობას, რომ პოლიტიკაშიც დაბრუნდებოდა, ეთქვათ და სტრასბურგი აქამდე მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ეს არის რეალობა, რომელშიც იმყოფება „ნაცმოძრაობა“ თავისი ბელადით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილმა არ იცის, საქართველოში როგორი პოლიტიკური მოცემულობაა.

„პატიმარმა სააკაშვილმა თავად რომ არ იცის, რა რეალობაში ცხოვრობს, საქართველოში რა პოლიტიკური მოცემულობა არსებობს, მსოფლიოში რა მოცემულობაა, ამაზე მეტყველებს ის, რომ  პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. იმ პარტიებს, რომლებიც ტრიბუნასთან ვინ დადგეს, იმაზე ვერ თანხმდებიან, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში ხაბე და მელია ბუნებრივად უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან თავიანთი ბელადი პოლიტიკური მავზოლეუმიდან უნდა გამოიტანონ. ისიც საკითხავია, სად წავა, რომელი მიმართულებით. ეს არის მოცემულობა. ამ ადამიანს რეალობის აღქმა უჭირს და ამიტომაც არის, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.