გურამ მაჭარაშვილი - მიზანი აქვთ, მოხდეს რადიკალური პროცესები, ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც მეორე ფრონტს გახსნის საქართველოში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციონერი ლიდერები ახალგაზრდებს აქეზებენ, რომ ისინი პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მაჭარაშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს 30 აპრილს საპროტესტო აქციაზე წესრიგის დამყარებისთვის.
ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა გახდა მიზეზი „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის მხრიდან დაპირისპირების.
„სამწუხაროდ, მხოლოდ ანი წითლიძე არ არის „ნაცმოძრაობაში“. ის დერეფანში გამოდიოდა და იქიდან იყო შეძახილები. საზოგადოებამ სიმართლე უკვე უნდა იცოდეს. ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა ეს არის. ეს ადამიანები, რომლებმაც რეზოლუციას მოაწერეს ხელი და ომის დაწყება დააბრალეს ქართულ ჯარს, დღესაც კი იმ პარტიაში არიან. ადამიანები, რომლებმაც უბედურებები მოუტანეს ქვეყანას და 2008 წელს გაბრუნებული რუსეთის ჯარი უკან შემოიყვანეს, დღეს ჩვენ გვეძახიან რუსებს, მონებს. ინციდენტი მოხდა, რადგან ჩვენ არ გავუტარეთ და აღარასოდეს გავუტარებთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი ღალატით, სიცრუით კვებავენ.
ეს კონკრეტული ინციდენტი იყო, როდესაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენ პოზიცია – ის, ვინც დღეს საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვის იმით, რომ არ უნდათ გამჭვირვალობის კანონი, რადგან ვიღაცას არ მოსწონს ევროკავშირში, სწორედ ეს ებრძვის ქვეყნის სუვერენიტეტს. ასეთ ადამიანებს უნდა უთხრა ის, რასაც რეალურად ფიქრობ. წითლიძე იქნება, დეკანოიძე თუ ხაბეიშვილი, ვიხილეთ, რომ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ პოლიციასთან ფიზიკურად დაპირისპირებისკენ, ქვების სროლისკენ. ეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ამიტომაც ვუთხარი, რომ, სამწუხაროდ, მან წააქეზა ეს ახალგაზრდები. მადლობა ჩვენს პოლიციას, რომ მაქსიმალურად იკავებდა თავს და ცდილობდა, აქცია კანონის ფარგლებში ჩაეყენებინა. ძალიან მარტივი მიზანია: უნდა მოხდეს რადიკალური პროცესები, რევოლუცია, ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ომს დაიწყებს, მეორე ფრონტს გახსნის საქართველოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.