გურამ მაჭარაშვილი - მგონი, სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლის საკითხზე თამარ კორძაიას განცხადება ხუთი ნომრის სიაში მოხვედრას ემსახურება
სააკაშვილის მხარდამჭერი თუ არ ხარ და იცი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც კარგია, პატიმარი სააკაშვილის მონახულების სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას? მგონი, თამარ კორძაიას განცხადება ემსახურება იმას, როგორმე ხუთი ნომრის სიაში მოხვდეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებაზე, სადაც კორძაიამ აღნიშნა: „დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლის აკრძალვის შესახებ სარჩელზე სასამართლო სხდომა ჩანიშნულიყო“.
„პატიმარი სააკაშვილი პოლიტიკურად არავისთვის საინტერესო აღარაა. ერთადერთი, უცხოურ ძალებს აინტერესებთ, რადგან სააკაშვილმა შეუთვალა, თუ არ გამათავისუფლებთ, ავლაპარაკდებიო, მათ შორის აგვისტოს ომზე. შიდა პოლიტიკურ ძალებს აღარ აინტერესებთ, რადგან ვნახეთ, რომ მისმა ყველა მხარდამჭერმა თუ ლიდერმა თავისი პარტია შექმნა. ის პოლიტიკურად, მათ შორის, შიდა პოლიტიკაში, უინტერესო ფიგურა გახდა. ოპოზიციაც აღიარებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. პოლიტიკურად სააკაშვილის მხარდამჭერი თუ არ ხარ და იცი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც კარგია, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, რომ პატიმარი სააკაშვილი მოინახულოს? მგონი, ეს განცხადება, უბრალოდ, იმას ემსახურება, რომ სიაში სხვაგან ვეღარ ნახეს ადგილი და თქვეს, მოდი, გავიხსენებ სააკაშვილს, იქნებ ხუთი ნომრის სიაში ჩამწეროსო.
სააკაშვილი ყოველდღე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და აღიარებს, რომ კარგადაა. პოლიტიკურად მისი მხარდამჭერი თუ არ ხარ, სხვა რა მიზანი უნდა გქონდეს, რომ „ვივამედში“ მიხვიდე? რისკები ვნახეთ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა, რომ პოლონელმა ექიმებმაც სცადეს, სააკაშვილი ნაწილ-ნაწილ გამოეტანათ იქიდან და წავიდნენ პროვოკაციაზე. ასეთი ტიპის პროვოკაციები რომ აღარ მოხდეს, ამიტომ არის ვიზიტორთა რაოდენობა შეზღუდული. ოჯახის წევრებს ეს პრობლემა არ აქვთ. შესაბამისად, ეს განცხადება ემსახურება მხოლოდ იმას, როგორმე ხუთი ნომრის სიაში მოხვდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.