გურამ მაჭარაშვილი - მგონი, პარტიებმაც არ იციან, ხელს რას აწერენ, რადგან ეს მათ კომენტარებს ეტყობა
მგონი, პარტიებმაც არ იციან, ხელს რას აწერენ, რადგან ეს მათ კომენტარებს ეტყობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამბობენ, რომ ერთიანი სიის მომხრე არ არიან და არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე აპირებენ. ამ ქარტიას სხვა რა მიზანი აქვს? მისი მიზანი ერთადერთია, რომ ერთიან სიაში დედოფალი სალომე ზურაბიშვილი პირველ ადგილზე დასვან, ეს როგორც თავად უნდა. ამ ქარტიას იგივე ბედი ელოდება, რაც მის მიერ დაანონსებულ რეფერენდუმს მოჰყვა, როცა იმ საღამოსვე ეს სისულელე ექსპერტებმა და ოპოზიციამ ჩაკლეს. ამ ქარტიასაც იგივე ელოდება. მიდიან ხელმოსაწერად, რადგან არ უნდათ, აწყენინონ. ახლა ერთ თამაშში არიან. ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, მაინც დამარცხებული იქნებიან და ეს თავადაც იციან. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იყო, არის და იქნება. ვინაა „ნაცმოძრაობა“, თუ არა ვაშაძე, ხაზარაძე? ხან შლიან, ხან აერთიანებენ. მათი პატრონების მიზანია, რომ ხმები არ დაიკარგოს, მაგრამ პირველ ოცეულში 50 კაცს მოუნდება ჩაწერა და ეს იქნება პრობლემა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.