გურამ მაჭარაშვილი - მგონი, კასიანოვს ჩვენგან დასჭირდება დაცვა საკუთარი მოქალაქეებისგან, რადგან საქართველოში უკრაინის რამდენიმე ასეული მოქალაქეა, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, კასიანოვი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მგონი, მას ჩვენგან დასჭირდება დაცვა საკუთარი მოქალაქეებისგან, რადგან საქართველოში უკრაინის რამდენიმე ასეული მოქალაქეა, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ კასიანოვი ამბობდა, რომ საქართველოში კარგ პირობებში იყვნენ.
„კასიანოვმა საქართველოდან მოქალაქეების ევაკუაციაზე დაიწყო საუბარი და იქნებ, ევროპის ტერიტორიებს ცოტა გეოგრაფიულად გადახედოს – ევროპის სახელმწიფოებში უკრაინისა და რუსეთის მილიონობით მოქალაქე ცხოვრობს. თუ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ევროპაში არ ჩხუბობენ, კასიანოვს რატომ უნდა, რომ საქართველოში იჩხუბონ? სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში კასიანოვი მონაწილეა გარკვეული პროვოკაციების. მას არაფერი გამოუვიდა საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს მოქალაქეები პროვოკაციაში ვერ ჩაითრია და ახლა თავის მოქალაქეებს მიადგა, სურს, მათ გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი, რომ როგორმე, აქ არეულობა მოხდეს. ამას სულ ტყუილად ცდილობს, მგონი, თავად დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება. დიპლომატი დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ რომელ ქვეყანაშიც არის წარმოდგენილი, ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობები იყოს. ის პირიქით არის დაკავებული, რომ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოში კონფლიქტის არც ერთი ფაქტი არ არსებობს და თავად კონფლიქტებსა და ევაკუაციაზე საუბრობს. ევროპაში წასულ მილიონ მოქალაქეს იქიდან ევაკუაციას სად გაუკეთებს, რომელ ქვეყანაში? – დროა, სანამ მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს და დღემდე პასუხი არ არის გაცემული და განმარტოს, საქართველოდან რატომ არის უკრაინის ელჩი გაწვეული და ბელარუსიდან არ არის, რომელიც რუსეთის მოკავშირეა და იქიდან ებრძვის უკრაინას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.