გურამ მაჭარაშვილი - მგონი, ჯოზეფ ბორელის ლექსიკონში სიტყვა „მეგობრული“ იქნება, „რბილი ენის“ მოძებნას ჯობს, „მეგობრული ენა“ მოძებნონ
მგონი, ჯოზეფ ბორელის ლექსიკონში სიტყვა „მეგობრული“ იქნება, „რბილი ენის“ მოძებნას სჯობს, „მეგობრული ენა“ მოძებნონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს: „„უცხოური აგენტების“ კანონი არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზას, თუმცა უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ დავაზიანოთ ეროვნული გრძნობები, გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია“.
„ჯოზეფ ბორელი თუ მიხვდა, რომ საქართველოს დაშინება სანქციებითა და ლანძღვით არ გამოვა, საპირისპირო რეაქციებს იწვევს, მაშინ თავისი მეგობრები და კოლეგები უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ვერც რბილი ენით უშველის სუვერენიტეტის შეზღუდვას და, მით უმეტეს, ვერც მკაცრი ენით. მნიშვნელობა არ აქვს, რბილი ენით მეტყვის – სუვერენიტეტი უნდა დათმოო თუ დამაშინებს, ერთი და იგივე პასუხი იქნება. რბილი ენის მოძებნას სჯობს, მეგობრული ენა მოძებნონ. მგონი, ბატონი ბორელის ლექსიკონში სიტყვა მეგობრული იქნება. მკაცრის ნაცვლად, რბილი ენა მოვძებნოთო – რას ნიშნავს, ათი მათრახის მაგივრად, ერთი დავარტყათო? არ სჯობდა, ეთქვა, ათი მათრახის მაგივრად, საქართველოს მეგობრული ხელი გავუწოდოთ და ერთად ვაშენოთ დემოკრატია საქართველოში, რატომ უჭირთ ამის თქმა? 30 წლის განმავლობაში ზუსტად მეგობრულ ხელს გვიწვდიდნენ, ყოველ შემთხვევაში, ასე აფორმებდნენ. ერთი მხრივ, შესაძლოა, კარგი იყოს, მკაცრი ენის ნაცვლად, რბილი ენით დაველაპარაკოთო, მაგრამ რას ნიშნავს რბილი? ანუ, მკაცრი სასჯელის ნაცვლად, რბილი სასჯელი მივცეთ? არცერთ სასჯელს არ მივიღებთ“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.