გურამ მაჭარაშვილი - მგონი, აღარავის სჯერა, რომ მეთიუ მილერი ობიექტურია, მის განცხადებას ქართული საზოგადოება შეურაცხყოფად აღიქვამს
მილერის განცხადებას ქართული საზოგადოება შეურაცხყოფად აღიქვამს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ“.
„მგონი, აღარავის სჯერა, რომ მილერი ობიექტურია. თურმე საქართველოში არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს და ეს დასაშვებია ამერიკაში. ამავე დროს, ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ამერიკაში პოლიციელების მიერ აქციის ძალადობრივი დარბევა დასაშვებია და თურმე საქართველოში დაუშვებელია. ესაა ორმაგი სტანდარტი. აქედან გამომდინარე, მილერის ამ განცხადებას სხვა ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქართული საზოგადოება შეურაცხყოფად აღიქვამს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.