გურამ მაჭარაშვილი - ხან მელია დაიმალება და ეძებს ხაბეიშვილი, შემდეგ მელია გამოვარდება და ამბობს, „დაგასტუკეო“, ახლა ვაშაძემ „დაასტუკა“ ხაბეიშვილს, ასე არასერიოზულად მივლენ არჩევნებამდე
მერაბიშვილ-კეზერაშვილს „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა, მათ ეს პარტია ფინანსური პირამიდის შესანარჩუნებლად უნდათ, ამიტომ ჩასწიეს მელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვაშაძის მისვლა არის ტექნიკური ხასიათის სვლა და ამას ქართული საზოგადოება არჩევნებზე თავის სახელს დაარქმევს.
„იმის შემდეგ, რაც „რუსული კანონის“ მეშვეობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საჯარო გახადა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლონ, პოლიტიკურ შოკში ჩავარდნენ და, როგორც ჩანს, პოლიტიკური დახუჭობანას თამაში გადაწყვიტეს – ხან მელია დაიმალება გარკვეული ვადით და ხაბეიშვილი ეძებს, შემდეგ მელია გამოვარდება და ამბობს, „დაგასტუკეო“. ახლა ვაშაძემ „დაასტუკა“ ხაბეიშვილს, ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლის არჩევნებამდე. საბოლოო ჯამში, ამ რადიკალებს საქართველოს მოსახლეობა დაასრულებს. მერაბიშვილ-კეზერაშვილს „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა, მათ ეს პარტია ფინანსური პირამიდის შესანარჩუნებლად უნდათ, ამიტომ ჩასწიეს მელია. მათ პარტია ფინანსური მაქინაციებისთვის სურდათ და მიიღეს კიდეც. ვაშაძის მისვლა არის ტექნიკური ხასიათის სვლა და ამას ქართული საზოგადოება არჩევნებზე თავის სახელს დაარქმევს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.