გურამ მაჭარაშვილი - მამუკა ხაზარაძემ რაც დათესა, ის მოიმკო
გურამ მაჭარაშვილი - მამუკა ხაზარაძემ რაც დათესა, ის მოიმკო

მამუკა ხაზარაძემ რაც დათესა, ის მოიმკო. მან სახელმწიფო არაერთგზის გადააგდო, ეს არის მისი აღიარებითი ჩვენებები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხაზარაძე ჩვეულებრივი თაღლითური სქემების მესაკუთრეა.

„მთელი წლების განმავლობაში საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ ხან ჩინელი, ხან ყაზახი და ხან ამერიკელი ინვესტორები ჩამოჰყავდა. რა თქმა უნდა, არავინ ჩადებდა თანხას იმ პირობით. ხაზარაძე ამბობდა, რომ ინვესტორი თუ მოგებას ვერ ნახავდა, მას მოგება მაინც უნდა წაეღო სახლში. ამიტომ მოიფიქრა სქემა, რომ ინვესტორი მოგებას თუ ვერ ნახავდა, სახელმწიფოს უნდა აენაზღაურებინა და, მათ შორის, ამ მოგებას ხაზარაძე აიღებდა. ასეთი თაღლითური სქემით ბუნებრივად ვერ გამოვიდა რამდენიმე წლის განმავლობაში ანაკლიის პორტი, რაც იყო სახელმწიფოებრივი დანაშაული. თან თავხედობა ეყო და თავისი ბრალეულობის გამო ჩაშლილი კონსორციუმი გაასაჩივრა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რაც დასრულდა მისი მარცხით. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს პირნათლად შესრულებული ვალდებულებები, ხაზარაძეს საერთოდ არ ჰქონდა ვალდებულებები შესრულებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, ანაკლიის პორტში მიმდინარე პროცესების და სხვა პროცესების პოლიტიკისთვის გამოყენებას, ბუნებრივია, მამუკა ხაზარაძეს არავინ შეარჩენდა.

„მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს ნახევრად უთხრეს და ნახევრად თავად გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, პოლიტიზებული გახადა ანაკლიის პორტი, თითქოს ის იყო ამომავალი მზე დასავლეთიდან ევროინტეგრაციასთან და ამერიკასთან ურთიერთობაში. აღმოჩნდა, რომ არა თუ ამომავალი მზე, არამედ ჩვეულებრივი თაღლითური სქემების მესაკუთრეა. ეს დადასტურდა არა მხოლოდ ანაკლიის პორტზე. ჩვენ, სულ მცირე, ორი მაგალითი ვიცით მის სხვადასხვა კომპანიაში, როდესაც გადააგდო უცხოელი ინვესტორები და რომლებმაც აქეთ უჩივლეს ხაზარაძეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. ამიტომ ანაკლიის პორტში მიმდინარე პროცესების და სხვა პროცესების პოლიტიკისთვის გამოყენებას, ბუნებრივია, მას არავინ შეარჩენდა. თან წინასაარჩევნოდ მიიღო „საჩუქარი“. თავისი ამომრჩეველიც კი ეტყვის, რომ მართალი ყოფილა, რასაც შენზე ამბობდნენ, გადააგდე სახელმწიფო და მერე სახელმწიფოს აქეთ უჩივლეო.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ხაზარაძე დიდად ჭკუით ვერ გამოირჩევა, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ ასპარეზზე. მას გაცილებით დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე შესაძლებლობები. როდესაც შენ ორჯერ და სამჯერ მეტი ამბიცია გაქვს, ვიდრე შესაძლებლობები და ამას შენ არ მკურნალობ, ყოველთვის დამარცხებული იქნები. ამიტომაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ჰქონდა იმედი, რომ ამას პოლიტიკაში მოიშველიებდა და მხოლოდ იმიტომ შეიტანა სარჩელი, პოლიტიკური ქულები დაეწერა. მას პირადი ბოღმაც ამოძრავებს, როდესაც გამოდის ხოლმე, მათ შორის, პოლიტიკურ განცხადებებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.