გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის ლობისტური კომპანიის საქმიანობაზე საზოგადოებამ ინფორმაცია იმ კანონის წყალობით მიიღო, რომელიც ამერიკაში მოქმედებს და საქართველოში „რუსული კანონი“ დაარქვეს
ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ ინფორმაცია სწორედ იმ კანონის წყალობით მიიღო, რომელიც ამერიკაში მოქმედებს და რატომღაც საქართველოში „რუსული კანონი“ დაარქვეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია ქირაობდა ყველა იმ ევროპარლამენტარს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებდა.
„როგორც ჩანს, ალასანია-სააკაშვილის დაქირავებული კომპანიის მიერ არის მომზადებული ევროპარლამენტის რეზოლუცია, რაც პირდაპირ წერია. ასევე, მიმართვა იყო წამების პრევენციის კომიტეტთან, რომელსაც არწმუნებდნენ, რომ საქართველოში სააკაშვილს აწამებენ და უნდა გათავისუფლდეს. ასევე, მცდელობა იყო, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესებულიყო. აქ სააკაშვილზეც არაა საუბარი. ბლინკენს არწმუნებდნენ, რომ საქართველოს მიმართ სანქციები დაწესებულიყო. კომუნიკაცია იყო საქართველოს პრეზიდენტთან. აღნიშნული კომპანია ქირაობდა ყველა იმ ევროპარლამენტარს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებდა. ამაზე გვქონდა ყოველთვის საუბარი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ დაადასტურა. გამოდის, რომ ალასანია-სააკაშვილმა კომპანია დაიქირავეს, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით უნდა ემუშავა.
საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტის რეზოლუციისთვის რომ დაეჯერებინა და ზოგიერთი კონგრესმენისთვის, ამერიკის საელჩოსთვის და სააკაშვილი გაეთავისუფლებინა, რა მოხდებოდა? დაირღვეოდა კანონის უზენაესობის პრინციპი, სტრასბურგის გადაწყვეტილება და ქართველი ხალხის ნება, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს. რას მივიღებდით? რუსეთის მიმართ ინდივიდუალური სანქციები დაწესდებოდა, რაც სამხედრო კონფლიქტს ბუნებრივად გამოიწვევდა. ამის შედეგები რა იქნებოდა, ეს 2008 წლის ომის შედეგებიდან ვიცით. როცა საუბრობენ, მეორე ფრონტი საიდან მოგაქვთო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი წაიკითხონ და ისიამოვნონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.