გურამ მაჭარაშვილი - კონფლიქტი და ძალადობა არიდებადი თუ იყო, გიორგი გახარიამ ეს რატომ ვერ მოახერხა 20 ივნისს
კონფლიქტი და ძალადობა არიდებადი თუ იყო, გიორგი გახარიამ ეს რატომ ვერ მოახერხა 20 ივნისს? – ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიას განცხადებას.
დეპუტატის შეფასებით, გიორგი გახარიას ხისტი განცხადებებით სურს, თავი ოპოზიციონერად წარმოაჩინოს, თუმცა საზოგადოება მას გადამდგარ პრემიერად აღიქვამს.
„გიორგი გახარიამ თავისი განცხადებით საკუთარი თავი დაიზიანა, რადგან თავად იყო პრემიერი და 20 ივნისის მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მას ჰქონდა და თუ არიდებადი იყო ეს კონფლიქტი და ძალადობა, 20 ივნისს რატომ ვერ მოახერხა დაზიანებების არიდება? ასევე პანკისის სპეცოპერაციის დროს? ამ შეფასების გაკეთება არ მეხალისება, მაგრამ მისი განცხადებები იძულებულს მხდის, რომ საზოგადოებას ის რეალობა ვუთხრათ, რაშიც ვცხოვრობთ. როცა გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას კარგა ხსნის განმავლობაში ჰქონდა იმის განცდა, რომ გუნდის დატოვებას აპირებდა. თუმცა არა მხოლოდ ამ გუნდის, არამედ ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მისი განცხადება არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული, ასევე მისი პოლიტიკური ორგანიზაციის, რადგან ის დღეს ოპოზიციონერი არ არის, არის გადამდგარი პრემიერი. საზოგადოება მას ასეთად აღიქვამს და კითხვები არის ყოფილი პრემიერის მიმართ. მისი ასეთი მკვეთრი განცხადებები და ხისტი მიდგომები ემსახურება იმას, რომ როგორმე ოპოზიციონერის სტატუსი მოირგოს. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამ ყველაფრის შედეგს შემოდგომაზე ვნახავთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
5 ივლისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა კონსტიტუცია და ვერ დაიცვა მოქალაქეები ძალადობისგან, რაც იყო უუნარობის გამოხატულება.