გურამ მაჭარაშვილი - კეზერაშვილის ინტერვიუ მტკიცებულებაა, რომ ის ჩართულია პოლიტიკაში, აფინანსებს, ეხმარება მედიასაშუალებებს, პარტიებს, დეოლიგარქიზაციის კანონი მასზე გავრცელდება
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილის ინტერვიუ აშკარა მტკიცებულებაა, რომ ის პირდაპირი წესით არის ჩართული პოლიტიკაში.
„ის განსაზღვრავს, აფინანსებს, ეხმარება მედიასაშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს და, შესაბამისად, როცა ჩვენ მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, რა თქმა უნდა, გავრცელდება ამ ადამიანზე, ვინაიდან აშკარაა ნიშნები და მტკიცებულება, რომ ის არის ოლიგარქი. რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც ქვეყანაში ოლიგარქს ეძებდა, ის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის სახით მიიღო. ამიტომაც არის, რომ აღარ მოსწონთ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი, რომელიც თავის დროზე ევროკომისარმა მოიწონა. ასეთია მოცემულობა, რასაც ვერ გავექცევით“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.