გურამ მაჭარაშვილი - კეზერაშვილი ამბობს, რომ დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, როცა ოფიციალური წყაროებიდან ეს არ ჩანს, ეჭვი ჩნდება, რომ არალეგალური დაფინანსება ხდება
კეზერაშვილი უკვე მოინათლა, როგორც ოლიგარქი, კანონი როცა იქნება მიღებული, თავისას იტყვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „თავად კეზერაშვილი და მისი მომხრეებიც არ უარყოფენ, რომ ის ფლობს, მაგალითად, მედიასაშუალებას, ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს“.
„ეს პირობებია ზუსტად დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის კანონშიც, რომელიც უკვე მოქმედებს, ჩვენს კანონპროექტშიც, რომელიც ახლა უკვე მეორე მოსმენით არის მისაღები. ჩვენ ხომ არ გამოგვიგონებია ეს კანონი და ამ კანონის მიღება. ეს არის ტრაგიკომიკური სწორედ, რომ რადიკალური ოპოზიცია გაება იმ ხაფანგში, რასაც ვითომ, თავისი ჭკუით, უგებდა ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში – ბიძინა ივანიშვილს. ეძებდა ერთ ოლიგარქს და მიიღო რამდენიმე ოლიგარქი საკუთარ რადიკალურ ოპოზიციაში. ეს არის კანონზომიერება, როდესაც სიმართლეს არ ემსახურები, ყოველთვის მიიღებ ასეთ შედეგს. კეზერაშვილი უკვე მოინათლა, როგორც ოლიგარქი. კანონი როცა იქნება მიღებული, თავისას იტყვის. როდესაც გამოდის ადამიანი და ამბობს, რომ ეხმარება და აფინანსებს მედიასაშუალებას, პოლიტიკურ პარტიებს, ამ დროს პოლიტიკური პარტიები ამბობენ, არა, ბატონო, ჩვენ არ გვაფინანსებსო. ის ამბობს, რომ დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, როცა ოფიციალური წყაროებიდან ეს არ ჩანს, რა თქმა უნდა, ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება არალეგალური დაფინანსება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.