გურამ მაჭარაშვილი - კასიანოვის განცხადება არის მტკიცებულება, რომ ევროპასა და ამერიკაში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი 
გურამ მაჭარაშვილი - კასიანოვის განცხადება არის მტკიცებულება, რომ ევროპასა და ამერიკაში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი 

კასიანოვის განცხადება იმის მტკიცებულება იყო, რასაც აქამდე ვამბობდით – ევროპასა და ამერიკაში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა. სტატიის თანახმად, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ იცის, მაგრამ კარგად უნდა გაერკვეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და მტერი.

„კასიანოვმა მოკლეფეხებიანი ტყუილი თქვა, თითქოს ეს იარაღი საჩუქარი იყო. ითქვა, თითქოს უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემის შემთხვევაში, ამერიკა ახალ სამხედრო ტექნიკას გვაჩუქებდა. საზოგადოებას იმაზე მეტი შეურაცხყოფა რა შეიძლება მიაყენო, რომ უთხრა, თითქოს ვერ ხვდება, რატომ ხდება ოპერაცია, რომ ამერიკა ახალ ტექნიკას გვაჩუქებს. სამწუხაროდ, ომი უკრაინაშია და საქართველოს ახალი სამხედრო ტექნიკა იმდენად არ სჭირდება, როგორც უკრაინას. თუ ვინმეს იმის მტკიცება უნდა, რომ ძველი „ჯაველინები“ უფრო კარგად ისვრიან, ვიდრე ახალი? საქართველო რატომ უნდა იყოს ამ ოპერაციაში, გარდა იმისა, რომ საქართველო როგორმე, რამენაირად მხარედ დაფიქსირდეს სამხედრო კონფლიქტში? კასიანოვის განცხადება არის პირდაპირი აღიარებითი ჩვენება.

საქართველო ვერ ჩართეს იმ პროცესში, რომ ცოცხალი ძალა გაგზავნილიყო. პოლიტიკურ პროცესებში პროვოკაციები უნდოდათ და ამას ხალხმა მხარი არ დაუჭირა, მათ შორის 200 კაცსაც ვერ კრებენ. ყარალაშვილი გამოიყვანეს და საქართველოს აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლით დაემუქრა. აფხაზეთში რომელი ქვეყნის ტანკები დგას, კარგად ვხვდებით. აბა, ყარალაშვილს, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის ტანკებით ვინ გამოატარებს? ეს იყო აღიარებითი ჩვენება, რომ, სამწუხაროდ, ყარალაშვილის უკან დგას კიზინგერის მოწოდება – უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოუწოდა, მიხედონ საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფოს. ნედ პრაისის განცხადება იყო, რომ უკრაინას მიანდეს საქართველოს ბედი, თითქოს საქართველო უკრაინის ვასალი იყოს. ახლა კასიანოვმა ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილი თქვა, რომ თუ ჩვენ „ჯაველინებს“ უკრაინას გადავცემთ, ახალს მოგვცემს ამერიკა. სამწუხაროდ, ახალი ტექნიკა უფრო უკრაინას სჭირდება, ვიდრე საქართველოს. ამ ტყუილს არავინ იჯერებს და საზოგადოებას ნუ აყენებენ შეურაცხყოფას, თითქოს ვერ იგებს, ასეთი განცხადებები რატომ კეთდება. საზოგადოებამ იცის, მაგრამ კარგად უნდა გაერკვეს, ვინ არის საქართველოს მოყვარე და მტერი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.