გურამ მაჭარაშვილი - კანონპროექტის დაინიცირებიდან ფიქრის უფლებაც კი აგვიკრძალეს პარლამენტის წევრებს, რაც დრო გადის, ვხვდებით, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული სტიგმატიზაცია
ამ კანონპროექტის განხილვა არანაირი დაჩქარებული წესით არ მომხდარა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამ კანონპროექტის დაინიცირებისთანავე მოხდა მისი სტიგმატიზაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან, რომ არცერთ შემთხვევაში არ დაუშვათ ამ კანონპროექტის განხილვა. ანუ, ფიქრის უფლებაც კი აგვიკრძალეს პარლამენტის წევრებს, დაინიცირებიდან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, პრაქტიკულად, ეს იყო წინასწარ განზრახულად შექმნილი სტიგმატიზაცია.
„ახლა, რაც დრო გადის, უფრო ვხვდებით, რომ ეს, პრაქტიკულად, იყო წინასწარ განზრახულად შექმნილი სტიგმატიზაცია, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა შინაარსს. მოვუსმინე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, რომელსაც ჟურნალისტი ეკითხება იმის შესახებ, რომ იგივე კანონია ევროპარლამენტში დაინიცირებული, უფრო მკაცრი, და ის ამბობს, თქვენთან ეს სხვანაირად იმოქმედებს, ევროპარლამენტში კი – სხვანაირადო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ოპონენტები კანონპროექტში ვერ ასახელებენ ვერცერთ წინადადებას, რომელიც არასწორი ან ანტიდემოკრატიულია.
„საკომიტეტო მოსმენაზე და მანამდეც, ისე მოსმენებზე ერთ წინადადებას ვითხოვდით, რომელი იყო ანტიდემოკრატიული და მითხარით, მაგალითად, თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ვინმემ თქვა, რომელი წინადადება იყო ამ კანონპროექტიდან არასწორი ან ანტიდემოკრატიული? ამას ვერ ამბობენ. იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიული იყოს?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტით საერთაშორისო პარტნიორებს ეგზავნებათ მესიჯი, რომ ისინი ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენენ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ეს არგუმენტი FARA-ს რეესტრის ამონაწერით გაქარწყლდა.
„ვნახოთ, იგივე FARA-ში რა მოქმედებს აშშ-ში. როდესაც კომიტეტზე ვიყავით, ჩვენ იქ მოვიყვანეთ მარტივი არგუმენტები, FARA-ს ამონაწერი ამოვიღე, სადაც დარეგისტრირებულია გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო, საფრანგეთის სააგენტო და ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა. მათ შორის, გიული ალასანიას ცნობილი მილიონიანი კონტრაქტიც არის დარეგისტრირებული. თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, აშშ-ში მტრულ სახელმწიფოებად და მტრულ ძალებად მიიჩნევენ სააკაშვილს, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს, საფრანგეთის სააგენტოს, ნატო-ს წევრ ძალიან ბევრ ქვეყანას? ანუ ის არგუმენტი, რომ ამ კანონით ჩვენ იმ უცხოურ ძალებს რაღაცნაირად მტრულ ძალებად მოვიხსენიებდით, გაქარწყლდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ამერიკული კანონი არის ძალიან მკაცრი და ის ვრცელდებოდა ბევრ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირზე, „ხალხის ძალამ“ კი შეიმუშავა ქართული ვარიანტი, სადაც მხოლოდ სამი კომპონენტია.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ რეესტრში ვინც იქნებოდა, იქნებოდა ან მტრული ძალა, ან ასე შემდეგ. ასეთად მონათლეს და იმიტომ დავარქვით ამას საუკუნის აფიორა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება იმიტომ გვინდა, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა, სუვერენული ქვეყანა ვიყოთ, გვინდა ევროკავშირში და ნამდვილად გვინდა ევროინტეგრაცია, ეს ყველაფერი რატომ გვინდა?! გვინდა იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. ხომ ასეა?! თუ ღირსება, რაც გაგვაჩნია, დავკარგეთ და, პრაქტიკულად, მიგვიყვანეს იქამდე, რომ მათი განცხადებებით თითქმის მონის სტატუსამდე მივედით, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ევროკავშირი კი არა, არცერთი გაერთიანება არ იქნება ისეთი, რომელმაც შეიძლება, მიგვიღოს. არავის არ უნდა არც უღირსი და არც სუვერენიტეტშელახული სახელმწიფოს მიღება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.