გურამ მაჭარაშვილი - იმპიჩმენტის პროცესი აჩვენებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა, „ნაცმოძრაობაში“ ოცნი დარჩნენ და მათაც არ ენდობიან, განზრახული აქვთ, კენჭისყრისას დარბაზში არავინ შევიდეს
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცესმა, ერთი მხრივ, აჩვენა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს და კონსტიტუციამ გასცა პასუხი პრეზიდენტს, მეორე მხრივ კი, ამ პროცესმა აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა.
მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განზრახული აქვთ, კენჭისყრის დროს დეპუტატები პლენარულ სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.
„ისინი ერთმანეთს არ ენდობიან. 36-იდან ოცნი დარჩნენ „ნაცმოძრაობაში“ და იმ ოცსაც არ ენდობიან, განზრახული აქვთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არავინ შევიდეს. საზოგადოებისთვის ეს კარგი მაგალითი იქნება. ერთი მხრივ, იმპიჩმენტის პროცესი აუცილებელი იყო, რადგან კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს, საქართველოს კონსტიტუცია დაუდგა პრეზიდენტს მოწინააღმდეგედ და პასუხები გასცა ირაკლი კობახიძის სახით. საქართველოს კონსტიტუცია სცემდა პასუხს საქართველოს პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს პირდაპირ აჩაქუჩებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით, რომელიც პრეზიდენტმა დაარღვია. რეალურად, იმპიჩმენტის პროცესია ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია შედგა. მეორე მხრივ, ეს პროცესი საჯაროდ აჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა და როგორ უნდა ენდოს საზოგადოება, რომ მისცენ ხმა და ხელისუფლებაში მოვიდნენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.