გურამ მაჭარაშვილი - იდენტობის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა, ჩვენი მძლავრი იარაღი სწორედ ჩვენი ტრადიციები და იდენტობაა
10-15 წლის წინ უკვე ნანახი გვაქვს ეს კინო, როცა კაცებს შორის ქორწინებასთან დაკავშირებით იყო ხუმრობა, იუმორი, რის შემდეგაც ოფიციალურად იყო მოთხოვნილი, რუსთაველის გამზირზე ჩატარებულიყო ე.წ. გეიპარადები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, იდენტობის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა.
„ოფიციალურ დონეზე ამერიკის სახელმწიფო მდივანს ასეთი მიმართვა ჰქონდა, ესპანეთში კი ათ წლამდე ბავშვებს ხელში გეიდროშები დააჭერინეს და ეროტიკული ტანსაცმელი ჩააცვეს, რაც არის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი მძლავრი იარაღი სწორედ ჩვენი ტრადიციები და იდენტობაა. ჩვენი ღირებულებები არის ქართულიც და ევროპულიც“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ პროპაგანდის გაღვივებაა.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა და გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“.