გურამ მაჭარაშვილი - გვინდა, რომ კონსტიტუციურ დონეზე გარანტირებულად იყოს ლგბტ პროპაგანდა აკრძალული, ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნება დაცული
გვინდა, კონსტიტუციურ დონეზე გარანტირებულად იყოს ლგბტ პროპაგანდა აკრძალული, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ლგბტ პროპაგანის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის.
„ეს კაცობრიობის პრობლემაა. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო რეალური ხდება ის თავსმოხვეული იდეა, რასაც გაუკუღმართებული ცხოვრება ჰქვია. თურმე ბუნებრივი მოვლენაა, რომ ეს ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ვნახეთ დიდი სახელმწიფოების დონეზე, მათ შორის ნორმატიული აქტის გამოცემით, კანონების მიღებით. ამიტომ გვინდა, კონსტიტუციურ დონეზე გარანტირებულად იყოს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და როგორც დღესაა გარანტირებულად, ასე გაგრძელდება ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა.
რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ ბოდვებს, მათ ხან სიზმარში ელანდებათ შავი ხვრელები, ხან ეჩვენებათ, რომ რეალური პრობლემა არ არის პრობლემა. ისინი ამ თემაზე ვერაფერს ამბობენ. რატომ არ ამბობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მომხრე არიან? ამაყად დადგა ვინმე და თქვა, რომ მომხრე არის ლგბტ პროპაგანდის? არა, რადგან ამას მათი ამომრჩევლის უმრავლესობა არ ემხრობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.