გურამ მაჭარაშვილი - საარჩევნო ფორმატზე გვაქვს კონსულტაციები, „ოცნებასთან“ არ გვაქვს პრინციპული შეუთავსებლობა, ვერ ვთანხმდებით, რა დოზით უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას სიმართლე
გვაქვს კონსულტაციები, რა ფორმატით წარვდგებით საარჩევნოდ. „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთავსებლობა არ გვაქვს, ვერ ვთანხმდებით მხოლოდ იმაზე, საზოგადოებას რა დოზით უნდა მივაწოდოთ სიმართლე და ინფორმაცია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ პოლიტიკამ ძალიან გაამართლა, რასაც საზოგადოება ხედავს და აფასებს.
„საპარლამენტო უმრავლესობას დღეს უდიდესი მხარდაჭერა აქვს. „ხალხის ძალა“ არჩევნებში სერიოზულ წვლილს შეიტანს. როგორ შევიტანთ, ამას კონსულტაციების შემდეგ მოგახსენებთ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ძალიან დიდი შანსი არსებობს. საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. რა თქმა უნდა, მმართველი ძალა სარგებლობს ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერით. 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა უდიდესი რაოდენობა მხარს დაუჭერს სწორედ საპარლამენტო უმრავლესობას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.