გურამ მაჭარაშვილი - გვაქვს იმედი, რომ ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში გააგრძელებს მონაწილეობას
„ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმი ღიაა და ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, საპარლამენტო ოპოზიციას აქვს საშუალება, კონკრეტულად საარჩევნო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღინიშნა, საარჩევნო რეფორმის კუთხით ორი თვის განმავლობაში იქნება ცვლილებები.
„საარჩევნო რეფორმა ჩვენ აქამდეც გვქონდა ეუთო/ოდირის კონსულტაციების საფუძველზე დაწყებული და ბუნებრივია, ამას ბოლომდე მაინც მივიყვანთ. თუმცა რა თქმა უნდა კარგია რომ უკვე ორი პოლიტიკური პარტია, რომელიც აპირებს, გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა, მიიღებს ამ ცვლილებებში მონაწილეობას. ამასვე მოვუწოდებ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, მათ, ვინც გადალახეს ბარიერი, რომ მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ რამეა შესათანხმებელი განვიხილოთ იმ ჩარჩოებში, რასაც ჰქვია საპარლამენტო ოპოზიციის მუშაობა. გააგრძელონ ის საქმიანობა, რაც მათ უნდოდათ და ხალხმა ამისი მანდატი მისცა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია და ეს არის მთელი მსოფლიოს პოზიცია, გარდა რამდენიმე დეპუტატისა. მაინც გვაქვს იმის იმედი, რომ ისინი გააგრძელებენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს რაიმე საფუძველი, რომ არ გააგრძელოს მუშაობა პარლამენტში.
„ახლა ძალიან ზოგად ფრაზებს ამბობენ. ეს არის რომ არ მოსწონთ, გაუარესდა მდგომარეობა. მე კონკრეტულად ვამბობ ამ პირობებს და მათი მხრიდან კონკრეტული არ მოგვისმენია, ეს ნიშნავს, რომ არიან მოჯადოებულ წრეში, რაც მალე იქნება ის პოზიცია, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რათა ჩვენ რაც შეიძლება დროზე შევიდეთ ევროკავშირში და ნატო-ში ამ შემთხვევაში საჭიროა, მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია პარლამენტში შემოსვლა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.