გურამ მაჭარაშვილი - გარკვეულ ადგილებში მშენებლობის დაშვების საკითხი სამსჯელო თემაა
გურამ მაჭარაშვილი - გარკვეულ ადგილებში მშენებლობის დაშვების საკითხი სამსჯელო თემაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ვერ აკონკრეტებს, ამოიღებენ თუ არა კანონიდან მუხლს, რომელიც დედაქალაქისა და სხვა მუნიციპალიტეტების გარკვეულ ადგილებში შენობა-ნაგებობების მშენებლობას კრძალავს.

როგორც საქართველოს პირველ არხს გურამ მაჭარაშვილმა სივრცით მოწყობასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე განუცხადა, ზოგიერთი საკითხი უნდა დარეგულირდეს და გენერალური გეგმის ჩარჩოში მოექცეს.

„არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება, კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდეს ან გენგეგმით იყოს განსაზღვრული. სამსჯელო თემებია და შეგვიძლია, ოპტიმალურ ვერსიამდე მივიდეთ. სამსჯელოა როგორც თქვენს მიერ დასახელებული საკითხი, ასევე სხვა საკითხებიც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატი „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, რომლის გათვალისწინებით, კანონიდან იმ მუხლის ამოღება იგეგმება, რომელიც დედაქალაქისა და სხვა მუნიციპალიტეტების გარკვეულ ადგილებში შენობა-ნაგებობების მშენებლობას კრძალავს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი რედაქციით ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბსა და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში დაუშვებელია შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა) მშენებლობა, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში დაუშვებელია ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან სწორედ აღნიშნული ჩანაწერის ამოღებაა გათვალისწინებული.

ავტორები განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება პრაქტიკულად ტექნიკური ხასიათისაა, რადგან ეს ღონისძიება ისედაც ტარდება და უნდა გატარდეს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ. ასეთი ჩანაწერით კი, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას, მაგალითად, ლეგიტიმურად განთავსებულ დროებით ნაგებობებს.