გურამ მაჭარაშვილი - გამჭვირვალობა დაიდოს, სად იხარჯება უცხოური შავი ფული საქართველოში, ეს კანონი ბოლომდე უნდა მივიღოთ
ყველას ვურჩევთ, ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ, რომელმაც კანონპროექტი წაიკითხა. თუ ცვლილებები თავად არ აქვთ წაკითხული, წაიკითხონ და ერთი წინადადება მაინც თქვან, რაც რუსულ კანონშია და არა – ევროპულში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ შინაარსში არ შევლენ, რადგან იციან, რომ წააგებენ და ზედაპირზე ტივტივი უნდათ.
„გამჭვირვალობა უნდა იყოს იმ 70 მილიონ ლარზე, რაც შემოსულია და რაც შემოვა. უცხოური შავი ფული საქართველოში რატომ უნდა გათეთრდეს? გამჭვირვალობა დაიდოს, სად იხარჯება უცხოური შავი ფული საქართველოში. ეს კანონი ბოლომდე უნდა მივიღოთ. საქართველოში ამერიკის ელჩმა თქვა, რომ სხვაობაა ამერიკულ და ქართულ ვერსიებს შორის. მაშინ, ყველა იმ მკაცრ მუხლს დავაინიცირებ, რაც ამერიკულ ვერსიაშია. ამ ინიცირებით აუცილებლად შევალ. „ფარას“ წყალობით გავიგეთ, რომ საქართველოს გაშავებისთვის სააკაშვილის ოჯახმა მილიონები გადაიხადა. საქართველოს მოქალაქე თავის ქვეყანაში შავი ფულის მოძრაობას ამერიკული „ფარას“ საშუალებით რატომ უნდა იგებდეს? დაე, იყოს ქართული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.