გურამ მაჭარაშვილი - ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება სასარგებლო შეიძლება იყოს საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის, რადიკალური ოპოზიცია მათ საწინააღმდეგოდ გამოდის
ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება სასარგებლოა საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქისთვის, რადიკალური ოპოზიცია კი მათ საწინააღმდეგოდ გამოდის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია ნებისმიერი საკითხი რადიკალიზაციის საფუძველი გახადონ.
„რუსეთის ფედერაციამ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო 2019 წელს, რაც მაშინდელმა შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ევროკავშირმა, ევროსაბჭოს მაშინდელმა პრეზიდენტმა დაგმეს და რუსეთს ფრენების აღდგენისკენ მოუწოდეს. საქართველო იყო და არის უსაფრთხო ქვეყანა და რუსეთის მაშინდელი გადაწყვეტილება იყო დისპროპორციული, არასწორი.
დღეს, როდესაც ასევე ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ, გააუქმა სანქციები, ანუ აღადგინა ფრენები, დღეს უკვე რადიკალური ოპოზიცია ითხოვს, რუსეთის ფედერაციამ დაასანქციროს საქართველოს მოქალაქეები. როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია მაშინ დაეთანხმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ რუსეთის სანქციებს. ჩვენ არ გვიკვირს რადიკალური ოპოზიციის ასეთი მონური დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ, მათ შორის უცხოური ძალების მიმართ.
რადიკალური ოპოზიციის მიზანია ნებისმიერი საკითხი გახადონ რადიკალიზაციის საფუძველი. ასეთი მიზანი აქვთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოლდოვა დღემდე დსთ-ს წევრი ქვეყანაა და ამას გაგებით ეკიდებიან როგორც მოლდოვის შიგნით, ასევე დასავლელი პარტნიორები. რუსეთის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, სასარგებლო შეიძლება იყოს და არის კიდევაც საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქისთვის. ამ გადაწყვეტილების ბენეფიციარი, მოსარგებლე ვინ არის? ხელისუფლება კი არ არის, არამედ საქართველოს მოქალაქეები არიან. რადიკალური ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოდის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.