გურამ მაჭარაშვილი - ევროპაში მარტო ის კი ვერ დაინახეს, ოპოზიციაში ლიდერი ვინ არის, ვერ დაინახეს, ოპოზიციას საერთოდ რისი თავი აქვს, ბოკუჩავას არავინ აღიქვამს ლიდერად, ვაშაძე ლიდერობას არ დაუთმობს
ევროპაში მარტო ის კი ვერ დაინახეს, ოპოზიციაში ლიდერი ვინ არის, ამ ოპოზიციას საერთოდ რისი თავი აქვს, ის ვერ დინახეს. იმიტომ თქვეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაა „ქართული ოცნების“ სახით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას არათუ ლიდერი არ ჰყავს, ერთიანი იდეაც არ აქვს.
„ბოკუჩავს თუ ჰგონია, რომ ოპოზიციაში ლიდერი თვითონ არის, ეს იქ გაარკვიოს. არავინ არ აღიქვამს მას ლიდერად, ვაშაძე ლიდერობას არ დაუთმობს. რეალურად დავინახეთ, რომ არამცთუ ლიდერი არ ჰყავთ, საერთოდ ერთიანი იდეა არ აქვთ. იდეა რომ ერთიანი არ გაქვს, ვერც ერთიანი ლიდერი გეყოლება. ეს დაინახეს მათმა პატრონებმა. როცა კითხულობენ, იდეა ან გეგმა რა გაქვთ, ან მტკიცებულება რა გაქვთ და ლიდერი სად გყავთ, ვერაფერზე პასუხი რომ ვერ მიიღეს მათმა პატრონებმა ევროკავშირში, თქვეს, რომ ეს ხალხი უნიათოა და ისევ სჯობს, მოქმედ ხელისუფლებასთან გვქონდეს ურთიერთობაო. ეს არის რეალობა და ბოკუჩავამ თქვა ეს რეალობა, რომ უცხოეთში დაინახეს, ოპოზიციაში არათუ ლიდერი არ ჰყავთ, საერთოდ არ აქვთ იდეა, რა უნდათ, გარდა ერთისა, რომ ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, უკვე ოპოზიციაშიც მიხვდნენ, რომ მათი საქმე დასრულებულია.
„ახლა ნელ-ნელა ერთმანეთისთვის გადაბრალებები წავა. საჯაროდ ვიხილავთ ოპოზიციის ცალ-ცალკე აღებულ ლიდერებს, ერთმანეთს რომ დააბრალებენ იმ კრახს, რაც არჩევნებში და არჩევნების შემდგომ განიცადეს. ბოკუჩავას ეს გამოსვლა ზუსტად ამის მანიშნებელია, რომ ყველა აუცილებლად დაიწყებს თავის მართლებას, რომ ეს კრახი მისი კი არა, სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ბრალი იყო. ეს ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, ოთხივე აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 20 ნოემბერს ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა, ეს დამაბრკოლებელია საქართველოს მოქალაქისთვის და ევროპელი პარტნიორებისთვისაც“.