გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, არავის სჯერა ისეთი რეზოლუციის, რომელიც სიმართლეს არ ეყრდნობა.
„გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუცია სააკაშვილის ვითომ წამებაზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გააქარწყლა. მან თქვა, რომ სააკაშვილს სასიკვდილო არაფერი სჭირს და სასჯელი უნდა მოიხადოს. ასევე, გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუცია კეზერაშვილის მედიამენეჯერობაზე, რომელიც ევროპის სააგენტოებმა გააქარწყლეს და მას თაღლითობაში ბრალი წაუყენეს. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. არავის სჯერა ისეთი რეზოლუციის, რომელიც სიმართლეს არ ეყრდნობა. საქართველო ევროატლანტიკური სივრცის გზაზე დგას და სუვერენიტეტის შენარჩუნება რომ გვინდა, ეს სწორედ ევროპული ღირებულებაა, რასაც ევროპარლამენტის ვერცერთი რეზოლუცია ვერაფერს დააკლებს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს. რეზოლუციის პროექტს დღეს უნდა უყარონ კენჭი.