გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ სააკაშვილის მიმართ სტრასბურგისა და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები არაფერია და გამოუშვითო, ამას არავინ მიიღებს
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ სააკაშვილის მიმართ სტრასბურგისა და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები არაფერია და გამოუშვითო, ამას არავინ მიიღებს

ევროპარლამენტარების მიზანია, სააკაშვილმა არ დაასახელოს ევროპარლამენტარები, ვისთანაც გარიგება ჰქონდა და საქართველოში შემოიყვანეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც კუბილიუსმა აღნიშნა: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროპარლამენტის სანდოობის ხარისხი დღითიდღე ვარდება.

„კორუფციის ბრალდებით ექვსი ევროპარლამენტარია დაკავებული. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ სტრასბურგისა და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სააკაშვილის მიმართ არაფერია, კანონის უზენაესობა არაფერია და სააკაშვილი გამოუშვითო. ამას არავინ მიიღებს და რეზოლუციას არანაირი ფასი არ ექნება. ევროპარლამენტარების მიზანია, სააკაშვილმა არ დაასახელოს ევროპარლამენტარები, ვისთანაც გარიგება ჰქონდა და საქართველოში შემოიყვანეს. ამ სპეცოპერაციაში მხოლოდ უკრაინული მხარე რომ არ მონაწილეობდა, ეს აქამდეც ვთქვით. მათ ეშინიათ, რომ იმ ექვსი ევროპარლამენტარივით არ მოხდეს დასახელება გარიგებებზე და ამიტომ ეუბნებიან, მიშა, შენი სურათი გვაქვს გამოკრული და შენს გათავისუფლებას ვითხოვთო. გიული ალასანიას კონტრაქტში ვნახეთ, რომ თითოეულ ექსპერტს აღებული აქვს 70-100 ათასი იმაში, რომ გაურკვეველი დასკვნა დაეწერა. მილიონი აიღეს და მაინც ვერ დაადგინეს, სააკაშვილს რა სჭირს. ევროპარლამენტარებს ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რომ სააკაშვილი არ ალაპარაკდეს. ამიტომ არის ზეწოლა საქართველოზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.