გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნელ-ნელა გადააფასეს საქართველოში რეალური სიტუაცია და, როგორც ჩანს, რაციონალურმა აზროვნებამ გაიმარჯვა
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნელ-ნელა გადააფასეს საქართველოში რეალური სიტუაცია და, როგორც ჩანს, რაციონალურმა აზროვნებამ გაიმარჯვა

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში არიან თანამდებობის პირები, რომლებიც კარგს არ უსურვებენ საქართველოს, მაინც მოიძებნებოდა რაციონალური აზროვნება, რომელიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას სწორად დაინახავდა და შეაფასებდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში ნელ-ნელა გადააფასეს საქართველოში რეალური სიტუაცია და, როგორც ჩანს, რაციონალურმა აზროვნებამ გაიმარჯვა.

„ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ეთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს არის ხელისუფლება, რომელთანაც ევროკავშირს, შეიძლება, საუბარი ჰქონდეს. დანარჩენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოს საზოგადოება ოფიციალურად მხარს არ უჭერს, წარმოადგენს უცხოურ ძალას. მათმა პატრონება მათი ვერც გეგმა და ვერც მათი ამომრჩევლების მხარდაჭერა ვერ დაინახეს. ამიტომაც თქვეს, რომ სჯობს ხელისუფლებასთან იქონიონ ურთიერთობა, რომელიც ერთადერთი პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალაა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ იქნებოდა, რაც ამერიკულმა საზოგადოებამ 5 ნოემბერს თქვა, რომ გაემიჯნა ულტრალიბერალურ მიმართულებას და იმავეს ამბობს ევროპელი ხალხი. ევროკავშირს მოუწევს დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რადგან ამ ხელისუფლებას, სულ მცირე, მილიონ 120 ათასი ადამიანი უჭერს მხარს. როცა ევროკავშირმა და ამერიკამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოძიებინა გაყალბებასთან დაკავშირებით სავარაუდო ხარვეზები, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ოპოზიციას უხმო, რომ მტკიცებულებები მიეტანა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერცერთმა ვერანაირი მტკიცებულება პროკურატურაში ვერ მიიტანა. სწორედ ამიტომ დაინახეს ევროკავშირში, რომ ეს „ძვირფასი“ ოპოზიცია მატყუარა ყოფილა. ამიტომ თქვეს, რომ ერთადერთი რეალური, პრაგმატული ძალა არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს: „საბოლოოდ, ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან, ნამდვილად არის განცდა, რომ ის ერთადერთი მოთამაშეა, ევროკავშირს დიდი არჩევანი არ აქვს“.