გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს, ევროპის ორი ინსტიტუცია ერთ საკითხზე განსხვავებულ პოზიციაზე თუ დგას, ეს ჩვენი ბრალი არ არის
დეოლიგარქიზაციის შესახებ საკითხი ჩვენ არ ჩაგვისვამს, ეს ჩასვა ევროკავშირმა. შესაბამისად, თუ ევროკავშირი იტყვის, საკითხი აღარ არის აქტუალურიო, რა თქმა უნდა, ამ საკითხს გადავხედავთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს.
„ეს არ იყო ჩვენი ინიციატივა. გახსოვთ ევროპის ლიდერების განცხადებები დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე, რომელიც არის უკრაინაში – ეს არის ძალიან კარგი კანონი. შესაბამისად, ავიღეთ და პირდაპირ გადმოვიტანეთ ის. ვენეციის კომისიის დასკვნა გავითვალისწინოთ ევროკავშირის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ? ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს, ჩვენ ავდექით და ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ მოწონებული უკრაინის კანონის მსგავსი კანონი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. ჩვენც იგივე გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. ახლა თუ ევროპის ორი ინსტიტუცია ერთ საკითხზე აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციაზე დგას, მგონი, ეს ჩვენი ბრალი არ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.