გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირის ელჩთან მაქვს კითხვა, ათეულობით მილიონმა ევროპელმა უარი რომ უთხრა ლგბტ პროპაგანდას, ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ევროკავშირთან ურთიერთობების გაყინვა სურთ?
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირის ელჩთან მაქვს კითხვა, ათეულობით მილიონმა ევროპელმა უარი რომ უთხრა ლგბტ პროპაგანდას, ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ევროკავშირთან ურთიერთობების გაყინვა სურთ?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, საქართველო თავსებადობით ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროკავშირთან.

მაჭარაშვილის თქმით, საუბარი უნდა იყოს არა საქართველო-ევროკავშირს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაყინვაზე, არამედ, პირიქით, მეგობრობასა და პარტნიორულ ურთიერთობებზე.

„ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თავსებადობით, მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე ახლოს არასდროს არ იყო ევროკავშირთან. ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა, გაუგებარია, რადგან, ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით, საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინაა. ამიტომ თუ რაიმეს გაყინვაზეა საუბარი, ერთადერთი, შეიძლება გავყინოთ ლგბტ პროპაგანდა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები. ევროკავშირის ელჩთან მაქვს კითხვა: იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა, ჩვენ მსგავსად, უარი რომ უთხრა ლგბტ პროპაგანდასა და ულტრალიბერალურ, ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ? ათეულობით მილიონმა ევროპელმა, წამყვანი ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ისინი არ ეთანხმებიან ულტრალიბერალურ და ფაშისტურ მიმდინარეობებს. საქართველო იცხოვრებს აქ, ქართულად, ევროპულად და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. თუ ვინმეს რამე ურთიერთობის გარკვევა უნდა, დახედოს რუკას, ეკონომიკურ მდგომარეობას და შუა დერეფანს, რომელიც ჩინეთიდან იწყება და ევროკავშირში საქართველოს გავლით მთავრდება. როგორ შეიძლება რაიმე გაყინვაზე იყოს საუბარი? საუბარი უნდა იყოს ურთიერთობების გალღობაზე, მეგობრობაზე. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ევროკავშირში ის ძალები, როგორც მოიძებნა საზოგადოებაში, რომლებმაც თქვეს, რომ უნდათ არა ურთიერთობების გაყინვა, არამედ პარტნიორული ურთიერთობა, ოჯახური ტრადიციები და ა.შ.“ – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში გამოჩნდება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპასუხოდ რა ზომები იქნება მიღებული მოლაპარაკებების გახსნის ჭრილში. ამავდროულად, ელჩმა აღნიშნა: „ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ურთულეს პერიოდს გავდივართ“.