გურამ მაჭარაშვილი - ერთ-ერთი მასწავლებლის პოსტზე, რომელშიც დეპუტატებს მოღალატეები უწოდა, ჩვენი კოლეგის შვილი მონიშნეს და ბავშვის დაბულინგება დაიწყეს, მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, ამით დაინტერესდეს
ერთ-ერთი მასწავლებლის პოსტზე, რომელშიც დეპუტატებს მოღალატეები უწოდა, ჩვენი კოლეგის შვილი მონიშნეს და ბავშვის დაბულინგება დაიწყეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მაჭარაშვილი მოუწოდებს განათლების სამინისტროს, აღნიშნული შემთხვევით დაინტერესდეს.
„ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ფრთას [მიუღებელი მიდგომები] ჰქონდა – ბულინგი, მოღალატის იარლიყის მიკერება, მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენი კოლეგის მოსწავლის მასწავლებელმა იკადრა და „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა 76 დეპუტატის ფოტო, დაწერა, ესენი ქვეყნის მოღალატეები არიანო, შემდეგ კი ერთ-ერთმა მოსწავლემ ამ პოსტზე თანაკლასელი მონიშნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი დეპუტატის შვილი ცუდად გახდა და გული წაუვიდა. ანუ, მასწავლებელმა წაახალისა ეს ბულინგი.
მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, ამით დაინტერესდეს. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური, ფაშისტური მიდგომა. მასწავლებელს დღეს კანონმდებლობით იმის უფლება არ აქვს, ბავშვს ოდნავ ხელით შეეხოს, ზეწოლა განახორციელოს, შეიძლება ამისთვის გაათავისუფლონ და [ამ ფონზე ვხედავთ] მასწავლებელს, რომელიც ბედავს, დეპუტატებს მოღალატეებს უწოდებს და მოსწავლეების მხრიდან ბულინგს ახალისებს. წარმოიდგინეთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება, ისინი იყვნენ ევროპის მომხრეები, როცა ასეთი ფაშისტური ხერხებით მოქმედებენ და ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყოთ, როცა გამჭვირვალობას ვითხოვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.