გურამ მაჭარაშვილი - ძალიან კარგი იქნება, ამ უთავბოლო ოპოზიციას თუ უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში, ეს იქნება საკონტროლო გასროლა ოპოზიციისთვის
ვხედავთ, რომ ოპოზიციიდან სალომე ზურაბიშვილს, მართალია, უწონებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მაგრამ პიროვნულად მაინც არავინ ამბობს, რომ ძლიერი პრეზიდენტია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი არათუ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთანაც ვერ იქნება კონკურენტუნარიანი.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ზურაბიშვილმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ სამომავლოდ არამც თუ პოლიტიკაში, არამედ დღეს არსებული პრეზიდენტიც კი, უბრალოდ, ფორმალურად რჩება. მას ლეგიტიმაცია არც საზოგადიებისგან აქვს და არც მართლმსაჯულებისგან, რომელმაც ის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ის პირდაპირ ლობირებს იმ უცხოურ ძალებს, რომლებიც ასევე ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას, რომლებიც იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ. მას შეიძლება, ჰქონდეს განცდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას მიაჩნია ლიდერად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ის ფორმალურადაც აღარ იქნება პრეზიდენტი, მას არავინ არამცთუ ლიდერად, არამედ, ზოგადად, პოლიტიკოსად არავინ აღიქვამს. როგორც ჩანს, მას ახლა რაღაცას ჰპირდებიან. შეიძლება, მათ შორის უცხო ქვეყნიდან.
ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციიდან მას, მართალია, უწონებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მაგრამ პიროვნულად მაინც არავინ ამბობს, რომ ძლიერი პრეზიდენტია. ზურაბიშვილი არამცთუ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთანაც ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. მას ისეთი ნაბიჯები აქვს გადადგმული, რომ პირდაპირ ძალიან ბევრი ტვირთი აქვს აკიდებული, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევის და საქართველოს გაშავების, ხალხი შეურაცხყოფის. ოპოზიციაში არ იქნება მზაობა, რომ ის მიიღონ ლიდერად, თუმცა შეიძლება, დღეს მას ჰპირდებიან.
მე მაინტერესებს, რატომ დადის ზურაბიშვილი, ფორმალური პრეზიდენტი სხვადასხვა ადგილში, ე.წ. „ჩვენი ხმა ევროპას“ ხელმოწერებით? რა მიზანი აქვს ამას? ევროპამ გადაწყვიტა უკვე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკუთვნის. საზოგადოებამ იცის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მიდის. ასევე იცის, რომ ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის დამრღვევი და ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა დამსახურებულად სტატუსიო. რატომ დადის? ზუსტად ამიტომ დადის, რომ შემდეგ თქვენ კითხვები დასვათ, კობახიძეს დაუსვათ, მე დამისვათ და იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე, თორემ საქართველოს საზოგადოებას ზურაბიშვილთან დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ გააჩნია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, მომხრეა, ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იყოს, რაც იქნება საბოლოო საკონტროლო გასროლა ოპოზიციისთვის.
„მე პირადად ძალიან გამიხარდება, რადგან თავს და ბოლოს ვერ გაუგებს. ჯერ პრეზიდენტის ფუნქციები ვერ გაიგო, კონსტიტუციას არღვევდა და ოპოზიციაში, რომელიც ერთმანეთში ჩხუბობს, იქ რას გაარკვევს?! მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.