ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტი, რომელსაც აქვს უფლება, მხოლოდ სამართლებრივი შენიშვნები გამოაგზავნოს, პოლიტიკურად იღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს ვეტო არ არის სამართლებრივი, ეს არის პოლიტიკური, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ხშირად გადის თავისი ფუნქციებიდან.
„ჩვენ შემოვიტანეთ დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ვინ როგორ შეასრულებს ამას, ეს არის დამოკიდებული იმ პიროვნებაზე, ვინც იქნება პრეზიდენტი. გუშინდელი გამოსვლა კიდევ ერთხელ იყო დადასტურება, რომ არ იყო სწორად მისი ფუნქციები მისი მხრიდან შესრულებული. სამართლებრივ ნაწილში საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ არაფერი დასაწუნი არ აქვს და ეს აღიარა პრეზიდენტმა. ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტი, რომელსაც აქვს უფლება, რომ მხოლოდ სამართლებრივი შენიშვნები გამოაგზავნოს, პოლიტიკურად იღებს გადაწყვეტილებას.
ჩვენ დაველოდებით შენიშვნებს, მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცით, ვერ იქნება ვერანაირი შენიშვნები, მივყვებით პროცედურებს რეგლამენტის შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, ვერანაირი სამართლებრივი შენიშვნა ვერ იქნება და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს. ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ეს არის სტრასბურგის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში და ბუნებრივია, სამართლებრივი შენიშვნები ვერ იქნება.
რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, მხოლოდ სურვილები, რომ საქართველოში იყოს სტაბილური ვითარება და დეპოლარიზაცია, არ არის საკმარისი. ოპოზიციამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ დეპოლარიზება მოხდეს. დაჯდეს ჩვენთან ერთად ერთად და განიხილოს ის კანონპროექტის საკითხები, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იქნა წამოყენებული და ამის შემდგომ საზოგადოება დაინახავს, რომ ოპოზიციას სურს ამ საკითხებზე მუშაობა, მაგრამ არ სურთ და ამას ამბობენ კიდეც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის თქმით, ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, ვეტოს დაადებს.