გურამ მაჭარაშვილი - დონორი ორგანიზაციები ევროკავშირიდან და ამერიკიდან ვეღარ გამოდგებიან არჩევნების ობიექტურ შემფასებლებად, სუბიექტურად აფინანსებენ პოლიტიკაში გადავარდნილ „ენჯეოს“
დონორი ორგანიზაციები ევროკავშირიდან და ამერიკიდან ვეღარ გამოდგებიან არჩევნების ობიექტურ შემფასებლებად, რადგან სუბიექტურად აფინანსებენ „ენჯეოს“, რომელიც პოლიტიკაშია გადავარდნილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კვირა არ გავა, რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუციამ საქართველო სხვადასხვა მაჩვენებლებში პოზიტიურად არ შეაფასოს, სადაც უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც.
„საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებზე ვინმემ რაიმე ტიპის ხარვეზები როგორ შეიძლება აღმოაჩინოს? ის, რომ საქართველოში საერთაშორისო ინსტიტუციები, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში, აფასებენ ყველა მიმართულებას, რომ არის პოზიტიური ზრდა, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, მუშაობს, რომ საქართველო შედგეს როგორც სუვერენული ქვეყანა, მათ შორის, 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს. ხალხი კარგად ხედავს, რომ დღეს ვინც არის სუბიექტური ამ წინასაარჩევნო კამპანიაში დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის, დონორი ორგანიზაციები ევროკავშირიდან და ამერიკიდან, ვეღარ გამოდგებიან ობიექტურ შემფასებლებად. შენ როდესაც სუბიექტურად აფინანსებ „ენჯეოს“, რომელიც პოლიტიკაშია გადავარდნილი, ასევე, პოლიტიკურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, შენი შეფასება აღარ იქნება დამაჯერებელი, სუბიექტური ხარ. საზოგადოება მზად არის ამისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.