გურამ მაჭარაშვილი - გიგი უგულავას განცხადებამ რადიკალური ოპოზიციის მიზნებს საბოლოოდ ფარდა ახადა
სამწუხაროდ, საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ საჯარო მუქარებს მიჩვეულია, მაგრამ გიგი უგულავას განცხადებამ რადიკალური ოპოზიციის მიზნებს საბოლოოდ ფარდა ახადა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, სწორედ ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.
„უგულავამ თქვა, რომ უნდა იყოს მუქარა, ბოძებზე გაიკრას სურათები, უნდა დამუნათდნენ ოჯახის წევრები და მათ შორის, ბავშვები. სამწუხაროდ, ეს არის მათი სახე. შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოებას ამ მუქარის დამაჯერობლობა აქვს, რადგან მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ყველაფერი გაკეთებული აქვთ. როცა ახლა ოპოზიციაში ხარ და ასე იმუქრები, გააკეთებ იმას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდი. დიდი კვლევა არ სჭირდებოდა, თუ რა სურდა რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ უგულავას განცხადებამ წერტილი დაუსვა იმას, რა მიზანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს, სააკაშვილის შიმშილს. ამას უგულავამ უპასუხა მისი გულწრფელი განცხადებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვინც უმოქმედოა, უკანონოდ აკავებს აქტივისტებს, ტყუილად ჰგონია, რომ კოვიდის ნიღაბი გადაარჩენს, რადგან ყველას გვარი იქნება ონლაინ გამოქვეყნებული.