გურამ მაჭარაშვილი - დღის წესრიგი არ გვაქვს აწყობილი იმაზე, რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან საზოგადოებამ მას ადგილი უკვე რვაჯერ მიუჩინა, ასე თუ გააგრძელებენ, 2024 წელს იქაც არ იქნებიან, სადაც დღეს არიან
გურამ მაჭარაშვილი - დღის წესრიგი არ გვაქვს აწყობილი იმაზე, რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან საზოგადოებამ მას ადგილი უკვე რვაჯერ მიუჩინა, ასე თუ გააგრძელებენ, 2024 წელს იქაც არ იქნებიან, სადაც დღეს არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი რეზოლუცია უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ემსახურება.

მისივე თქმით, სხვა ბევრ იურიდიულ დოკუმენტში, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებში, ადგილზე განცხადებებშიც საჯაროდ აქვთ დაფიქსირებული და არაერთხელ ნახსენები, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„რაც მთავარია, როგორც მთელი ცივილიზებული სამყაროს, ასევე ჩვენი მიზანი არის რეგიონში და უკრაინაში ომის არდაშვება. თავად უკრაინის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებს, რომ ის არ ელოდება ომს და მას სურს მშვიდობა. დეესკალაციაზეა აქ საუბარი. გამომდინარე აქედან, რეზოლუციაც სწორედ ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ, მოხდეს მხარდაჭერა საჯაროდ საქართველოს მხრიდან, ასევე დაფიქსირდეს ჩვენი მიუღებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება არც ერთი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში უკრაინის იძულება იმასთან დაკავშირებით, რომელ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებს იმას, რომ „ევროპელი სოციალისტების“ და პარტია „მოქალაქეების“ გარდა, რეზოლუციას მხარი არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ დაუჭირა, მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შედი-გამოდის პრინციპი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყვნენ.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღის წესრიგი არ აქვს აწყობილი იმაზე, რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ის ფაქტიც, რომ მაგალითად, რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერა-არჩაწერის და პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხები აქვს მხოლოდ პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ეს პარტია ადგას დეგრადაციის პოლიტიკურ გზას, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით, შიგნით არსებობს სულ მცირე ორი მიმდინარეობა. ერთი ნაწილია მიშისტები, მეორე ნაწილი – მელიას მომხრეები. ეს მათი შიდა საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ნამდვილად დღის წესრიგი არ გვაქვს აწყობილი იმაზე, რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან საზგადოებამ მას ადგილი უკვე რვაჯერ მიუჩინა. როგორც ჩანს, ვერ იყენებენ იმ ადგილსაც, სადაც საზოგადოებამ ისინი განათავსა და თუ ასე გააგრძელებენ, 2024 წელს იქაც არ იქნებიან, სადაც დღეს არიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.