გურამ მაჭარაშვილი - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით დიდი აცდენაა ევროკავშირს, ევროკომისიასა და აშშ-ის ელჩის განცხადებებს შორის, ძალიან აირ-დაირივნენ
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით დიდი აცდენაა ევროკავშირს, ევროკომისიასა და აშშ-ის ელჩის განცხადებებს შორის.
„სამწუხაროდ, იმ სტრუქტურას, 12 რეკომენდაციაში ამ პუნქტის ჩამდებს „არა მჭირდა ჭირიო“ დაემართა. ჯერ თქვეს, კანონი უნდა მიიღოთ და ეს ბიძინა ივანიშვილს მოარგოთო. ნახეს, რომ მას ვერ მოერგებოდა, რადგან არც პოლიტიკაშია და არც მედიაში, მოერგებოდა კეზერაშვილს, რომელმაც თავად აღიარა, რომ ოლიგარქია. ახლა დაწერეს, ამ კანონის მიღება საჭირო არ არისო, მაშინ როცა ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, კარგი კანონიაო. ამერიკის ელჩმა თქვა, კანონი გამოწვეულიაო და აღმოჩნდა, რომ გამოწვეულ კანონზე დასკვნა დაწერეს. ერთმანეთში ძალიან აირ-დაირივნენ. თუ ევროკომისია იტყვის, რომ ეს პუნქტი შესასრულებელი არ არის, მაშინ არ მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მიღება უპირატესია“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.