გურამ მაჭარაშვილი - დეგნანი იმ ქვეყნის ელჩია, სადაც გაყალბებულ არჩევნებზე ეჭვისთვის პრეზიდენტს იჭერენ, ის მიხვდა, რომ ვერც ელექტრონული და ვერც არაელექტრონული არჩევნებით რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს
კელი დეგნანი მიხვდა, რომ ვერც ელექტრონული და ვერც არაელექტრონული საარჩევნო სისტემით რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს, რაც მას დავალებული ჰქონდა გლობალური ომის პარტიისგან. ამიტომ, ბუნებრივია, ის სასოწარკვეთილი ამთავრებდა და დაამთავრა თავისი ელჩობის პერიოდი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა კელი დეგნანის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, კელი დეგნანის მხრიდან იყო მცდელობა იმის, რომ დეზინფორმაციის ნაღმები დაეტოვებინა საქართველოში.
„ყოფილი ელჩის ეს ინტერვიუ ჩვენ შეიძლება, გავიგოთ როგორც სასოწარკვეთილი დიპლომატის განცხადება. ის მიხვდა, რომ ვერც ელექტრონული და ვერც არაელექტრონული საარჩევნო სისტემით რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს, რაც მას დავალებული ჰქონდა გლობალური ომის პარტიისგან. ამიტომ, ბუნებრივია, ის სასოწარკვეთილი ამთავრებდა და დაამთავრა თავისი ელჩობის პერიოდი და ეს ბოლო ინტერვიუ იყო მცდელობა იმის, რომ დეზინფორმაციის ნაღმები დაეტოვებინა საქართველოში. მანაც იცის, რომ ეს არ გამოუვა, მაგრამ მისი ბოლო ინტერვიუ იმის დასტური იყო, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკა სწორია, რომ საზოგადოებამ სიმართლე უნდა უცოდეს. სხვა შემთხვევაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ საზოგადოების რა ნაწილი აღმოჩნდებოდა დეზინფორმაციული მანქანის ზეგავლენის ქვეშ. მისი ეს ინტერვიუ, ერთი მხრივ, სასოწარკვეთილი დიპლომატის ინტერვიუა, რომელსაც არაფერი რადიკალური მიმართულება არ გამოუვიდა და, მეორე მხრივ, იმის დასტურია, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკა გასაგრძელებელია, რათა ხალხმა სიმართლე იცოდეს და დეზინფორმაციის მსხვერპლი არ აღმოჩნდეს. ეს იმ ქვეყნის ელჩია, რომელ ქვეყანაშიც არჩევნების გაყალბების თაობაზე ეჭვის გამოთქმისთვის საკუთარ პრეზიდენტს იჭერენ და თურმე საქართველოში არჩევნების გაყალბება „ენჯეომ“ რომ აღიარა, ეს სანდოობით სავსე „ენჯეო“ ყოფილა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, დღეს, როდესაც ელჩი გამოდის და ურცხვად ამბობს ქართული საზოგადოების წინაშე, რომ თურმე ელექტრონული არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფილა, ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს.
„დარწმუნდნენ, მათ შორის ელჩი, რომ ელექტრონული-არაელექტრონული არჩევნები არ უშველის რადიკალურ ოპოზიციას. ერთი წლის წინ, რამდენიმე თვის წინ, წელიწად-ნახევრის წინ თავად ელჩი, საელჩო, ევროკავშირი, „შარლ მიშელის შეთანხმება“ – ყველა ამას ამბობდა, რომ ელექტრონული არჩევნები ეს არის კარგი და ეს ცვლილებები რომ მივიღეთ, კარგია. ეუთო/ოდირმა თქვა, ვენეციის კომისიის დასკვნა იყო და ა.შ. ეს ხომ ხალხს ახსოვს. დღეს, როდესაც გამოდის ელჩი და ასე ურცხვად ამბობს ქართული საზოგადოების წინაშე, რომ თურმე ელექტრონული არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფილა, ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს. არის დაბოღმილი, რომ ვერ შეასრულა ის მისია, რაც დააკისრეს, უკანონოდ ხელისუფლების შეცვლა და ახლა ამ სასოწარკვეთილმა დიპლომატმა ბოლო მცდელობას მიმართა, რომ რაღაც ნაღმები დატოვოს, რათა ერთი წლის შემდეგ არჩევნები რომ იქნება, შეიძლება, ის გაყალბდესო. ეს ხომ, სულ მცირე, მეგობრის განცხადება ნამდვილად არ არის და იმ ადამიანის განცხადება, რომელსაც სურს საქართველოში ნორმალური არჩევნები, არამედ იმ ადამიანის, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ოპოზიცია არჩევნებით ვერ მოვა და უნდა რევოლუციური გზების წახალისება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი, გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი“. დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90 პროცენტი ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადადის, ამომრჩეველმა იცოდეს, ეს როგორ მუშაობს. „აშშ-შიც ვნახეთ, ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილი ამ სისტემის გამოყენებაზე და თუ ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.