გურამ მაჭარაშვილი - კანონპროექტზე მწვავე რეაქციას არ ველოდები, არ მეგულება საქართველოში არცერთი საზოგადოებრივი ფენა, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ლგბტ პროპაგანდას ემხრობა
ლგბტ პროპაგანდის თემამ გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირებები, აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები, რათა დაპირისპირებები აღარ არსებობდეს. ეს დაპირისპირება კი აღარ იარსებებს, როცა აღარ იქნება პროპაგანდის საშუალება. პირად სივრცეს როგორც აქამდე ვიცავდით, ისე დაიცავს სახელმწიფო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას, მათ შორის არასაპარლამენტოს, შესთავაზეს, რომ ერთად იმსჯელონ და ლგბტ პროპაგანდის აკრძალავასთან დაკავშირებით კანონპროექტი ერთად დაწერონ.
„ჩვენ დავაანონსეთ, რომ გვინდა, მივიღოთ პრინციპი, რასაც ჰქვია ლგბტ, ანუ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდის აკრძალვა. რაც შეეხება დანარჩენ ფორმას, შევთავაზეთ ოპოზიციას, მათ შორის არასაპარლამენტოს, რომ თუ აქვთ წინადადებები, შემოგვთავაზონ და ერთად დავწეროთ ეს კანონპროექტი. პრინციპზე თუ წინააღმდეგი არიან, რომ პროპაგანდა არ უნდა იყოს, მაშინ ვერ შევთანხმდებით და მაშინ თქვან საზოგადოებასთან, რომ ისინი მომხრე არიან, რომ ბავშვების ფსიქოლოგიაში შევიდნენ და უთხრან, რომ დედიკოს ჩაგინაცვლებს მამიკო, ტრანსგენდერის რძე ყოფილა თურმე იგივე დედის რძე, აღლუმებში ბავშვებს მონაწილეობას მიაღებინებენ, ეს ყველაფერი რომ დაშვებული უნდა იყოს, ეს აღიარონ და კი ბატონო. ამას თუ არ აღიარებენ, პრობლემა არ არის ფორმაზე, ჩვენ მივიღებთ მათ წინადადებებს, განვიხილავთ. ფორმა როგორი უნდა იყოს, შევჯერდებით, მაგრამ პრინციპზე თქვან, რომ არიან თანახმა, რომ საქართველოში არ შეიძლება, ბავშვებს ასწავლონ სკოლაში, რომ თურმე ორი კაცის სიყვარული იგივეა, რაც ქალისა და კაცის სიყვარული, ეს ანტიკონსტიტუციურიც არის საქართველოში და ანტიქართულიც და, რაც მთავარია, არაადამიანურია. ჩვენ კანონპროექტი ჯერ არ დაგვიწერია და არ გვითქვამს, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, დავწეროთ კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში ერთად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში არ ეგულება არცერთი საზოგადოებრივი ფენა, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ლგბტ პროპაგანდას ემხრობა.
„მწვავე რეაქციას არ ველოდები. არ მეგულება საქართველოში არცერთი საზოგადოებრივი ფენა, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ლგბტ პროპაგანდას ემხრობა. ამას ვინც იტყვის, ის აღმოჩნდება უკიდურეს უმცირესობაში, რომელთა უფლებებსაც დავიცავთ, მაგრამ ამ კანონით კიდევ ერთხელ ვასწავლით ამ ჩვენს არამეცადინე ფსევდოლიბერალებს, რომ ადამიანების უფლებების დაცვა სხვა რამეა და პროპაგანდის გავრცელება – სხვა. შენს პირად სივრცეს ყველა დაიცავს, რაც გინდა ქენი, მაგრამ როცა საჯარო სივრცეში შედიხარ, ნება იბოძე და დაექვემდებარე საზოგადოებრივ წესრიგს და საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგი ის არის, რომ ლგბტ პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ ამ თემამ გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირებები, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები, რომ დაპირისპირებები აღარ არსებობდეს და აღარ იარსებებს, როცა აღარ იქნება პროპაგანდის საშუალება და პირად სივრცეს როგორც აქამდე ვიცავდით, ისე დაიცავს სახელმწიფო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.