გურამ მაჭარაშვილი - დარწმუნებული ვარ, ირაკლი შოთაძე ადეკვატურად უპასუხებს პროკურატურაში დარჩენილ ყველა გამოწვევას
გურამ მაჭარაშვილი - დარწმუნებული ვარ, ირაკლი შოთაძე ადეკვატურად უპასუხებს პროკურატურაში დარჩენილ ყველა გამოწვევას

ვიმედოვნებ, რომ ირაკლი შოთაძის მოსმენის პროცესი იქნება, პირველ რიგში, საჯარო და გამჭირვალე და მეორე რიგში საზოგადოებისთვის საინტერესო იმდენად, რამდენადაც, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები შეძლებენ და თუნდაც მწვავე კითხვებს, მაგრამ დასვამენ კონსტრუქციულ რეჟიმში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის მოსმენის საკითხზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„იურიდიულ კომიტეტზე ჩვენ მოვუსმენთ საპროკურორო საბჭოს მიერ წარმოდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ბატონ ირაკლი შოთაძეს. მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრებს, დასვან კითხვები, მიიღონ პასუხები, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იქნება სურვილი, რომ ეს პროცესი იყოს კონსტრუქციული. ხოლო თუ ვინმეს აქვს იმის განცდა და სურვილი, რომ ეს პროცესი არ იყოს კონსტრუქციული, არამედ დესტრუქციული ხასიათის ქმედებებს მიმართავენ, რა თქმა უნდა ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. თუმცა, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პროცესი იქნება, პირველ რიგში, საჯარო და გამჭირვალე და მეორე რიგში საზოგადოებისთვის საინტერესო იმდენად, რამდენადაც, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები შეძლებენ და თუნდაც მწვავე კითხვებს, მაგრამ დასვამენ კონსტრუქციულ რეჟიმში. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადეკვატურად უპასუხებს ყველა იმ დარჩენილ გამოწვევას, რაც არსებობს პროკურატურაში და იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო გააგრძელებს უფრო მაღალი სტანდარტებით მუშაობას, ვიდრე იყო აქამდე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.