გურამ მაჭარაშვილი - მოხარული ვართ, რომ ჩვენი კანონპროექტი დემოკრატიას ევროპაში დაიცავს, ველოდები ოპოზიციის ყიჟინას, „მოლოტოვის კოქტეილს“, რათა ევროპარლამენტში „რუსული კანონი“ არ დაუშვან
ჩვენ მიერ პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტს ახლა ევროპარლამენტში იღებენ და მას „დემოკრატიის დაცვა“ დაარქვეს. მოხარული ვართ, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დემოკრატიას ევროპაში დაიცავს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, საუბარია არა რუსულ კანონზე, არამედ ფინანსური გამჭვირვალობის კანონზე და ასე იქნება ევროპაში.
„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდები ყიჟინას და „მოლოტოვის კოქტეილებს“, რათა არ დაუშვან, რომ ევროპარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი მიიღოს. ევროპარლამენტს უწევს მტკიცება, რომ „რუსულ კანონს“ არ იღებს. ვეთანხმებით, რომ რუსული კანონი არ არის, მაგრამ ოპოზიცია არ ეთანხმება. ეს კანონი არის ფინანსური გამჭვირვალობის კანონი და ასე იქნება ევროპაში. დაე, ევროპამაც ისარგებლოს იმით, რაც კანონპროექტით უკვე ისარგებლა საქართველომ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროკომისიამ გუშინ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას.