გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ მიერ დაანონსებული კანონპროექტები თუ რუსულია, მაშინ კითხვა დაუსვან რადიკალებმა იმ სახელმწიფოს, საიდანაც თავად ფინანსდებიან, რატომ მოქმედებს ამ სახელმწიფოში რუსული კანონმდებლობა
ჩვენ მიერ დაანონსებული კანონპროექტები თუ რუსულია, რასაც გუშინ რადიკალები და მათი ტელევიზიები ამბობდნენ, მაშინ კითხვა დაუსვან იმ სახელმწიფოს, საიდანაც თვითონ ფინანსდებიან, რატომ მოქმედებს ამ სახელმწიფოში რუსული კანონმდებლობა? – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამერიკის კანონმდებლობის გათვალისწინება საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს თუ დააახლოებს? ჩვენი აზრით, დაგვაახლოებს, რადიკალების აზრით, დაგვაშორებს…
ამერიკაში და ევროპაში ეს კანონი თუ კარგია და დემოკრატიული, რატომ იქნება იგივე კანონი საქართველოში ცუდი და ანტიდემოკრატიული?
ამერიკა და ევროპა თუ იცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას, მათ შორის ასეთი კანონებით, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების დაცვა მსგავსი კანონმდებლობით რატომაა რუსული პოლიტიკის გატარება?
პასუხი ერთია… რადიკალების აზრით, საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მათი კარნახით უნდა გაატაროს… ასეთია მათი გაგებით დემოკრატია, რასაც ქართველი ხალხი არასოდეს დაეთანხმება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალაში“ გუშინ განაცხადეს, რომ ევროპული და ამერიკული გამოცდილების საფუძველზე ამზადებენ ორ კანონპროექტს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მედიაში სიცრუის გავრცელების საკითხებს შეეხება.