გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვსურს, საკანონმდებლო დონეზე მოვაწესრიგოთ ჩვენი იდენტობის დაცვა
ჩვენ გვინდა, საკანონმდებლო დონეზე მოვაწესრიგოთ ჩვენი იდენტობის დაცვა. ჩვენ ამას მოვახერხებთ, რომ ჩვენი სლოგანი ყოველთვის იყოს – მამული, ენა, სარწმუნოება, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში დღეს აქტიურად მიმდინარეობს ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდა, თუმცა ევროპაშიც და ამერიკაშიც არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ოჯახურ ღირებულებებს და ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას.
„მახსოვს, 2015 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა, მაშინ ღიმილით შევხვდით ამ პროცესს. თუმცა, ითქვა, რომ ეს იქნებოდა გადამდები და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამიტომაც გვინდა ჩვენ, რომ მოხდეს პრევენცია და ძირითად კანონში იყოს ჩაწერილი, რომ ვერცერთმა სხვა ხელისუფლებამ შემდგომში ვერ შეძლოს იგივე. ის, რომ ჩვენ დავრჩებით იმ ერად, იმ ეთნოსად, რომელიც ბუნებრივად ვერ მიიღებს ვერასოდეს ამას ნორმად, რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ სამართლებრივადაც ჩვენ გვჭირდება გამართული საკონსტიტუციო ნორმები და კანონები. ჩვენ გვინდა, საკანონმდებლო დონეზე მოვაწესრიგოთ ჩვენი იდენტობის დაცვა. ჩვენ ამას მოვახერხებთ, რომ ჩვენი სლოგანი ყოველთვის იყოს – მამული, ენა, სარწმუნოება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.