გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვინდა, ქართული კანონი დაიწეროს საქართველოში, იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბრიუსელმა დაწეროს? ეს ხომ აბსურდია
ჩვენ გვინდა, ქართული კანონი დაიწეროს საქართველოში, იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბრიუსელმა დაწეროს? ეს ხომ აბსურდია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით განცხადება არასერიოზულია.
„ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება, სულ მცირე, არასერიოზულია ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. სანქციებს აქეთ-იქით მათრახივით როცა იქნევ, ეს, სულ მცირე, არასერიოზულობაა. ამ კანონს არა მხოლოდ საქართველო, არამედ საფრანგეთი იღებს, თავად ამერიკას აქვს, კანადაში აქვთ, სერბეთი, თურქეთი იღებენ და ამ ფონზე მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით აქვთ ასეთი ტიპის მუქარები. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას, როგორც ვასალს, ისე აღგვიქვამენ. ეს საქართველოს საზოგადოებისთვის წითელი ხაზია. იმისთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ, კანონები მიგვეღო და კანონები მოსკოვში არ დაწერილიყო. ახლა იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენ არ დავწეროთ და ბრიუსელმა დაწეროს? ეს ხომ აბსურდია. ჩვენ გვინდა, რომ აქ დაიწეროს ქართული კანონი და თანაც ისეთი, რომელიც უფრო ლოიალურია, ვიდრე ამერიკაშია. ბლინკენის განცხადებით, თურმე ეს კანონი კრემლის სახელმძღვანელოდანაა აღებული. მაშინ გამოდის, რომ ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს, რადგან კანონი ამერიკული „ფარას“ პრინციპების საფუძველზე უფრო ლოიალურად დავწერეთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იწყებენ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას. მისივე თქმით, „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.