მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების საკომიტეტო განხილვებისას ნათლად გამოჩნდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს მიზნად არ ჰქონდა, რეალურ მიზეზებზე ესაუბრა და მოეყვანა არგუმენტები, რატომ არ ეთანხმებიან ერთ ან მეორე კანონპროექტს.
„გამოჩნდა, რომ არც სახელწოდება ადარდებთ მათ, რადგან პირდაპირ სხდომაზე შევთავაზე, თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა და პრინციპებზე თქვენ არ გაქვთ პრობლემა, მაშინ პრინციპების დონეზე მივიღოთ ეს კანონი და შემდეგ ვიმსჯელოთ არა მხოლოდ სახელწოდებაზე, სხვა დეტალებზე. შეიძლება, ვენეციის კომისიამ აგენტზე სულ არ თქვას არაფერი და სხვა დეტალებზე გაამახვილოს ყურადღება. ვიმსჯელოთ შემდეგ ამაზე, თუ მხოლოდ აგენტთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემა და პრინციპებზე მეთანხმებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
მაჭარაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა, ფინანსური გამჭვირვალობა, როგორ შეიძლება, აღნიშნული კანონპროექტების მიღებამ ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„მაშინ არ ყოფილა სწორი ეს და არ ყოფილა ევროკავშირში ის სამართლიანობა, რა სამართლიანობისთვისაც ჩვენ აქამდეც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს. როგორ შეიძლება, ევროინტეგრაციის გზაზე ფინანსურ გამჭვირვალობას ჰქონდეს პრობლემა. რა არის პრობლემა იმაში, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ინფორმირებული ამ რეესტრით, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ ფიქრობთ, რომ გამოსავალი შეიძლება იყოს ცვლილების შეტანა უკვე არსებულ „გრანტების შესახებ“კანონში, მაჭარაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთათვის პრინციპია მიუღებელი და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, „გრანტების შესახებ“ კანონში შეიტანენ ცვლილებას, თუ ცალკე დააინიცირებენ.
„ვთქვი, თუ თანახმა ხართ ამ პრინციპზე, რომ გამჭვირვალობა, რეესტრი იყოს და დარეგისტრირდნენ იქ, კი ბატონო, შევიდეს ცვლილება გრანტების კანონში, მაგრამ მყისიერად გაჩუმდა ყველა. არ არის პრობლემა, შევიტანოთ იქ ცვლილება, როგორც კი წაყვები ნებისმიერ ნორმალურ დათმობაზე, მყისიერად კეტავენ და ამბობენ, მაინც არ გვინდა ეს კანონიო, რადგან ფინანსური გამჭვირვალობის პრობლემა აქვთ, სხვა ამ კანონში არაფერი წერია.
დღეს მოიყვანეს მაგალითი FARA-დან, თუ ერთი ერთშიაო, რატომ არ გიწერიათ ამერიკულ კანონში პრეზიდენტის საგამონაკლისო უფლებამოსილებებიო. ეს ვერ მოხდებოდა, რადგან საქართველოს პრეზიდენტს ასეთი უფლებამოსილებები არ აქვს. დავთანხმდით, თუ სხვა პრობლემა არაა, კი ბატონო, პრეზიდენტს არ აქვს ეს უფლებამოსილება, მთავრობას ჰქონდეს, მივიღოთ ამერიკული კანონი, არა, მაინც არ უნდათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ხალხის ძალამ“ აირჩია სწორი პოლიტიკა და ეს არის ხალხის ინფორმირებულობა.
„თვითონ ოპონენტები უკვე ისე იქცევიან, რომ დეგრადირებულები არიან, მაგრამ გამოსავალი იკითხეთ და გამოსავალი ვნახეთ იმაში, რომ გამოვედით „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალამ“ ავირჩიეთ ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოების ინფორმირებულობა. საზოგადოება როცა შეიარაღებულია სწორი ინფორმაციით, ის იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, ეს კანონიც მაგიტომ გვჭირდება. კანდიდატის სტატუსი გვერდზე მოგვრჩებოდა, რა დღეშიც ჩავარდებოდა საქართველოს საზოგადოება და საქართველოს სახელმწიფო ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ის პოლიტიკა და ხელისუფლებას არ დაეჭირა ის პოზიცია. კანდიდატის სტატუსს აქამდეც ვიმსახურებდით, რადგან ასეთი ტიპის შეფასებებია, მათ შორის, ევროკომისიის მხრიდან და „მანივალი“ ევროსაბჭოს ორგანიზაცია არ არის? „მანივალის“ შეფასებაში წერია, რომ საჭიროა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა.
უპირატესი არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვინდა შესაძლებლობები, რაც არის ევროინტეგრაციაში, თავსებადია ჩვენი ბუნება ევროინტეგრაციასთან, მაგრამ თუ იქიდან უსამართლობა წამოვიდა, ეს არ არის თავსებადი საქართველოს საზოგადოებასთან. ვინ დასვა საერთოდ ეს საკითხი, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი ვთქვათ? მაგ ნარატივით იგივე გაკეთდა პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით. პირდაპირ რეზოლუციაში ჩაიწერა, ბიძინა ივანიშვილის თანხები დაიგირავეს, პირდაპირ წერია რეზოლუციაში, უკანონოდ თუ არ გამოუშვებთო, ამ თანხებს არ დავუბრუნებთო, შეიძლება კანდიდატის სტატუსს გადავხედოთო და რა ვქნათ? უარი ვთქვათ სამართლიანობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, რადგან გვემუქრებიან, რომ არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსსო. მაგრამ ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ, რადგან ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ევროკავშირში მარტო იმიტომ კი არ გვინდა, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ჩვენც ვჭირდებით ევროკავშირს. აღმოსავლეთ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ევროკავშირთან დაკავშირებით მაღალი ხარისხის ინსტიტუციები გვაქვს. ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო და ეს ბუნებრივია. იქ არ მიიღებს ისეთ სახელმწიფოს, ვისაც არ შეუძლია, საკუთარი თავი დაიცვას, ვისაც თავისი ღირსება არ გააჩნია, კანონის უზენაესობაზე უარს იტყვის, სუვერენიტეტზე უარს იტყვის. ეს კანონიც მაგიტომ გვჭირდება. ჩვენ ვიბრძოლებთ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის, მაგრამ სამართლიანად, იქიდან თუ წამოვიდა უსამართლობა, ვიტყვით, რომ ეს არის უსამართლო, თუმცა არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ. ფაშიზმი ევროპაში დაიბადა და მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპელებმა ევროპაზე თქვეს უარი, ფაშისტურ ევროპაზე თქვეს უარი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ევროპაზე თქვეს უარი.
ჩვენ გვინდა ევროკავშირში, მაგრამ უსამართლობაზე ვიტყვით, რომ ეს არის უსამართლო. ჩვენ საზოგადოებაზე ვიტყვით, რომ ეს საზოგადოებას უნდა სჭირდებოდეს. რაც არ არის ევროპული ღირებულება, იმაზე ვიტყვით, რომ ეს არ არის ევროპული ღირებულება. „შვისტოკის“ სტვენა და ის, რომ, მათ შორის, ელჩი პარლამენტის წევრებს გვეუბნება, არც კი გაბედოთ და განიხილოთ კანონპროექტიო, არ არის ევროპული ღირებულება. პარლამენტში პარლამენტის წევრებს რომ ეუბნები, განხილვაც კი არ დაიწყოთო, ეს არ არის ევროპული ღირებულება. დავიწყოთ განხილვა, თქვან თავისი, ჩვენ ჩვენსას ვიტყვით, დავაანონსეთ, რომ ვენეციის კომისიაში ვაგზავნით, დაველოდოთ დასკვნებს, ეს არის ევროპული ღირებულება, სწორედ ამ გზით წავალთ ჩვენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.